მიხეილ კალანდიამ სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა
მიხეილ კალანდიამ სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა

დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულმა მიხეილ კალანდიამ სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. კალანდიას განმარტებით, ის ბრალდებულის უფლებით სარგებლობს და ჩვენების მიცემაზე უარს აცხადებს. მიხეილ კალანდიას განცხადებით, მას უკვე აქვს გამოცდილება, როცა გამოძიებას სრულყოფილი ჩვენება მისცა, თუმცა ეს მის წინააღმდეგ გამოიყენეს.

მისი თქმით, უზენაესმა სასამართლომ მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სხდომის ოქმი არ გადასცა და მისთვის უცნობია, თუ რა მტკიცებულებებს ემყარება ჯანაშიას მიმართ გაფორმებული საპროცესო შეთანხმება.

„ჩვენთვის უცნობია, თუ რა მტკიცებულებებს ემყარება გიორგი ჯანაშიას მიმართ გამოტანილი საპროცესო შეთანხმება. მე მზად ვიყავი, სასამართლოსთვის მიმეცა სრულყოფილი, რეალური ჩვენება, თუ რა მოხდა 2017 წლის პირველ დეკემბერს. ვინაიდან გიორგი ჯანაშიაზე განხორციელებულია გენერალური პროკურატურისგან ზეწოლა, რის შედეგადაც პროკურატურამ მიიღო საპროცესო შეთანხმება გიორგი ჯანაშიასთან, ჩემგან მოცემული ჩვენება არ იქნება სათანადოდ შეფასებული, რადგან წინააღმდეგობაში მოვა 28 ნოემბრის საპროცესო შეთანხმებასთან, რომელიც პროკურატურამ სხვადასხვა უკანონო გზით მოიპოვა.

პროკურატურიდან ასეთი ქმედების შემდეგ სავსებით დარწმუნებული ვარ, რომ საპროცესო შეთანხმებას საქართველოში არავინ არ გადასინჯავს, ხოლო ჩემი ჩვენება იქნება გამოყენებული ისე, როგორც სურს პოლიტიკური გადაწყვეტილების შემდეგ ძალას. მით უმეტეს, მე მაქვს პრაქტიკაში გამოცდილი ჩემს თავზე, როდესაც სრულად ვითანამშრომლე გამოძიებასთან და მივეცი გულწრფელი ჩვენება და პროკურატურამ თავის ინტერესების სასარგებლოდ გამოიყენა. აქედან გამომდინარე, ვსარგებლობ ბრალდებულის უფლებით და ვაცხადებ ჩვენების მიცემაზე უარს“, – განაცხადა მიხეილ კალანდიამ.

შეგახსენებთ, 28 იანვარს უზენაესმა სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე გუგა ბარბაქაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა, გიორგი ჯანაშიას კი საპროცესო შეთანხმება ოფიციალურად გაუფორმდა.

რაც შეეხება მიხეილ კალანდიას, ის დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა გასული წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.