სასამართლომ მიხეილ კალანდია პატიმრობაში დატოვა
სასამართლომ მიხეილ კალანდია პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდია კვლავ პატიმრობაში დატოვა.

აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვა მოსამართლის ინიციატივით მოხდა. ბრალდების მხარის განცხადებით, კვლავ არსებობდა მტკიცებულებების განადგურების, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხეები, რასაც დაცვის მხარე არ ეთანხმებოდა. ასევე, დღევანდელ სხდომაზე ხუთი მოწმე დაიკითხა. მათ შორის, ერთი ხორავას ქუჩაზე მცხოვრები. ოთხ მოწმეს კი, შემთხვევის დღეს კონტაქტი ჰქონდა მიხეილ კალანდიასთან.

„აღკვეთის ღონისძიების საკითხი მოსამართლემ თავისი ინიციატივით განიხილა. მოწმეების მესამედი დაკითხულია. არც ერთი მოწმე არ ადასტურებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რაც არის შერაცხული ბრალად და ამ ნაწილში არსებობდა მისი აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხი. რაც შეეხება მტკიცებულებების განადგურების ნაწილს, ამაზე ვერც ერთი ფაქტობრივი მტკიცებულება პროკურატურამ ვერ დაასახელა, ასევე ვერ დაასახელა მიმალვის საფრთხესთან დაკავშირებით არგუმენტები. მიხეილ კალანდიას არ დაურღვევია გამომძიებლის გამოძახება“, – განაცხადა ადვოკატმა ზურაბ თოდუამ.

„სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მიერ წარმოდგენილი დასაბუთებული პოზიცია და ბრალდებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა დატოვა ძალაში. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი იქნა ხუთი მოწმე, რომლებმაც ისაუბრეს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებთან დაკავშირებით. ეს პირდაპირ კავშირში არის ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდების შინაარსთან“, –  განაცხადა პროკურორმა ბესიკ ქვარცხავამ.

მიხეილ კალანდია თბილისში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 4 ივნისს დააკავეს.