მიხეილ კაკაურიძე – რა ბოიკოტი უნდა შეძლო, საკრებულო მუნიციპალური პროექტების ზედამხედველი, განმახორციელებელი ორგანოა და არა ქვეყნის პოლიტიკური კურსის განმსაზღვრელი
თვითმიზანი თუ იყო გიორგი ტყემალაძის საკითხის ჩაგდება, კომისიის ფორმატიდან წამოსვლა შეიძლებოდა, რომ კვორუმი არ შემდგარიყო, – ამის შესახებ საკრებულოს წევრმა, „ლელოს“ ყოფილმა წევრმა, მიხეილ კაკაურიძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ საკრებულოში კვორუმი აქვს, შესაბამისად, ერთ კვირაში გიორგი ტყემალაძის საკითხის გადაწყვეტას შეძლებდნენ.
„საკრებულოში უფრაქციო წევრი ვარ. დავტოვე „ნაციონალური მოძრაობა“, იქ მიმდინარე შიდა დაპირისპირებებს და ინტრიგებს თავი ავარიდე, შემდეგ „ლელოსთან“ ვთანამშრომლობდი – გლდანის რაიონის ორგანიზაციას ვხელმძღვანელობდი წინასაარჩევნო პერიოდში. ვფიქრობდი, „ძლიერ საქართველოს“ ქართულ პოლიტიკაში ახალი სიტყვა ექნებოდა, რასაც ჰქვია ოპონენტთან პოლიტიკურ დიალოგში შესვლა და არა პოპულისტური, დაპირისპირებების რადიკალიზაციის მიმართულება. არსებობს კომისიის სხდომები, რომლებშიც ოპოზიციონერები მონაწილეობენ. თვითმიზანი თუ იყო საკითხის ჩაგდება, შეიძლებოდა კომისიის ფორმატიდან წამოსვლა, რომ კვორუმი არ შემდგარიყო. გიორგი ტყემალაძე პიროვნულად დადებითი, კეთილშობილი და ჩამოყალიბებული ადამიანია, რომელსაც ვენდობი, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა მსოფლმხედველობის ადამიანები ვართ, ჩვენი პოლიტიკური ხედვა განსხვავედება. გვქონდა თანამშრომლობის ჩვეულებრივი ფორმატი, რომ შევსულყავი, თუნდაც იმ სხდომაზე, რომელზეც მისი ბედი წყდებოდა და ვიცე-მერად წარდგინება ხდებოდა, მაგრამ ერთ კვირაში ისედაც მოახერხებდნენ, რადგან საკრებულოში „ოცნებას“ კვორუმი აქვს. ეს იყო ჩემი გადაწყეტილების საფუძველი“, – განაცხადა მიხეილ კაკაურიძემ.