თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე დაწესებულ შეზღუდვებზე კონსულტაციები გრძელდება
თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე დაწესებულ შეზღუდვებზე კონსულტაციები გრძელდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, თურქეთში ყოფნის ვადებთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები საქართველოს მოქალაქეებზე ორ ქვეყანას შორის კონსულტაციების დასრულებამდე არ გავრცელდება. როგორც მინისტრმა განაცხადა, ახალი რეგულაციების შემოღების შემდეგ, თურქულ მხარესთან აქტიური კონსულტაციები გაიმართა, მათ შორის, სატელეფონო საუბარი შედგა ორი ქვეყნის შს მინისტრებს შორის.

„ჩვენი მიზანია, რომ საქართველო-თურქეთს შორის არსებული ის უვიზო რეჟიმი, რომელიც დღეს ფუნქციონირებს, მაქსიმალურად მოემსახუროს ხალხთა შორის კონტაქტების და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გარღმავებას. ამიტომ, ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა თურქულ მხარესთან.

როგორც გუშინ, შს მინისტრებს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ იქნა გაცხადებული, თურქულმა მხარემ გამოთქვა მზაობა, რომ აღნიშნულმა რეგულაციამ საქართველოს მოქალაქეებზე არ იმოქმედოს კონსულტაციების დასრულებამდე, ამიტომ დანარჩენი დეტალები კონსულტაციების შემდეგ იქნება ცნობილი“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიასა და თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრს სულეიმან სოილუს შორის დღეს სატელეფონო საუბარი გუშინ შედგა.

საქართველოს შს სამინისტროს ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თურქეთის სახელმწიფო საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით 2018 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედებულ რეგულაციებთან დაკავშირებით საქართველოსა და თურქეთის შესაბამისი უწყებები გააგრძელებენ კონსულტაციას, რომლის დასრულებამდეც აღნიშნული რეგულაციები საქართველოს მოქალაქეებზე არ გავრცელდება.

ცვლილებების თანახმად, 2018 წლის პირველი იანვრიდან თურქეთის საზღვრის გადაკვეთა და ტერიტორიაზე, მცირე დროით დარჩენაც კი, ერთ კალენდარულ დღედ ითვლება.