მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს მთავრობის სახელით ირანელ ხალხს ნაციონალური დღე მიულოცა
მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს მთავრობის სახელით ირანელ ხალხს ნაციონალური დღე მიულოცა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ირანის ისლამური რევოლუციის გამარჯვების 39-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს მთავრობის სახელით ირანელ ხალხს და ირანის მთავრობას ნაციონალური დღე მიულოცა.

„საქართველოსა და ირანს, ორ უძველეს ერს, დიდი ხნის ისტორიული და კულტურული ურთიერთობები აკავშირებს. 25 წლის წინ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან ჩვენ აქტიურად ვავითარებთ მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და ვაფასებთ იმ მზარდ თანამშრომლობას, რომელიც, საერთო ინტერესების პატივისცემას ეფუძნება“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დადებითად შეაფასა ბოლო წლების განმავლობაში ირანსა და საქართველოს შორის ბილატერალური ურთიერთობების, ეკონომიკური თანამშრომლობის, განათლების, კულტურის, ტურიზმის და ხალხთაშორისი მიმართულებებით კავშირების გაძლიერება და აღნიშნა, რომ ეს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას.

„ჩვენ ვხედავთ საქართველოსა და ირანის ბიზნეს წრეებს შორის სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის მზარდ ინტერესს, განსაკუთრებით ტურიზმის, ტრანსპორტის და ვაჭრობის მიმართულებებით. ასევე, ვხედავთ მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეობებს შორის კავშირების გააქტიურებას და ირანელი ტურისტების რიცხვის უწყვეტ ზრდას.

ეს ყოველივე უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის და ჩვენ მივესალმებით ამ პოზიტიურ დინამიკას“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.