მიხეილ ჯანელიძე მიუნხენში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა
მიხეილ ჯანელიძე მიუნხენში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მიუნხენში, სადაც უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა, ქართულ დიასპორას შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანიაში ქართული დიასპორის ფუნქციონირებასთან და საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები მიმოიხილა. დიასპორის წარმომადგენლებმა მიუნხენში საკონსულო ოფისის გახნისთვის ​მინისტრს მადლობა გადაუხადეს და ამ მხრივ განსაკუთრებით აღინიშნა გერმანიაში საქართველოს საპატიო კონსულის კლაუს ჰიპის დიდი წვლილი.

„შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის რეჟიმს, ამ მხრივ არსებულ ვითარებას და საქართველოს მოქალაქეების ნაწილის მხრიდან თავშესაფრის სტატუსის მაძიებელთა პროცედურების ბოროტად გამოყენების ფაქტებს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საქართველოსა და ქართველი ხალხის დიდი მონაპოვარია და მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა ხელი შეუწყონ მის შენარჩუნებას.

დიასპორის წარმომადგენლებმა შეშფოთება გამოთქვეს მანკიერი შემთხვევის გამო და მზადყოფნა გამოხატეს მაქსიმალურად ხელი შეუწყონ ამ მიმართულებით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას.

საუბარი შეეხო გერმანიაში მოღვაწე წარმატებული ქართველების პოპულარიზაციის ხელშეწყობას, როგორც საქართველოში, ასევე თავად გერმანიაში.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს მიუნხენში საქართველოს პოპულარიზაციის კუთხით ქართული სათვისტომო ორგანიზაციის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები.

მინისტრმა ინფორმაცია მიაწოდა ქართულ დიასპორას საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე როგორც დედაქალაქში, ასევე ქვეყნის საზღვრებს გარეთ და დახმარება აღუთქვა დიასპორულ ორგანიზაციებს საიუბილეო თარიღის სათანადოდ აღნიშვნაში.

შეხვედრაზე ასევე მიმოიხილეს სახელმწიფოს მხრიდან დიასპორასთან ეფექტური თანამშრომლობისთვის გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის დიასპორის სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცება, სპეციალური საინფორმაციო პორტალის შექმნა და დიასპორის წარმომადგენლებისათვის შექმნილი სპეციალური პროგრამები.

შეხვედრაზე დიასპორის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს მინისტრს და საგარეო საქმეთა სამინისტროს რეგულარული შეხვედრების ფორმატისთვის და სამომავლოდ კიდევ უფრო აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.