მიხეილ ჯანელიძემ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ გლობალური კოალიციის მინისტერიალის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
მიხეილ ჯანელიძემ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ გლობალური კოალიციის მინისტერიალის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ გლობალური კოალიციის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ქუვეითში გაიმართა.
 
მიხეილ ჯანელიძემ მინისტერიალის სამუშაო სესიაზე გამოსვლისას კოალიციას „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაში წარმატება მიულოცა და დაადასტურა საქართველოს, როგორც კოალიციის წევრი სახელმწიფოს შემდგომი ძალისხმევა გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.
 
მინისტრი „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ გლობალური კოალიციის სახელმძღვანელო პრინციპების დამტკიცებას მიესალმა და ტერორიზმის საბოლოოდ დასამარცხებლად, საერთაშორისო თანამეგობრობის შემდგომი კოორდინირებული და ერთიანი ქმედებების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
 
მიხეილ ჯანელიძემ ღონისძიების მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მთავრობის ძალისხმევაზე საქართველოს ტერიტორიაზე სტაბილური და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით და აღნიშნა, რაოდენ დიდი ყურადღება ექცევა მთავრობის მხრიდან რადიკალიზმისა და ექსტრემიზმის პრევენციას. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის მხრიდან ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ მოწყვლად რეგიონებში ცალკეული პროექტების ეფექტურ იმპლემენტაციაზე, რაც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ამ ადამიანების აქტიურ ინტეგრაციას უზრუნველყოფს.
 
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სოციალური ინტეგრაცია, განათლების შესაძლებლობების გახსნა და ინკლუზიური საზოგადოება, ტერორიზმისა და რადიკალიზმის დამარცხების უმთავრესი წინაპირობაა.
 
გლობალური კოალიციის მინისტერიალი ქუვეითის საგარეო საქმეთა მინისტრის შეიხ საბაჰ ხალიდ ალ-ჰამად ალ-საბაჰისა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. ღონისძიების მონაწილეებმა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღდეგ გლობალური კოალიციის მიერ გატარებული ქმედებები და სამომავლო გეგმები განიხილეს. მინისტერიალში ასევე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ფედერიკა მოგერინი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების და კოალიციაში ჩართული სხვა სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობენ.