თავშესაფრის მოთხოვნის რაოდენობის გაზრდისა და არალეგალური ვიზიტების პრევენციული ღონისძიებები კიდევ უფრო გამკაცრდება
თავშესაფრის მოთხოვნის რაოდენობის გაზრდისა და არალეგალური ვიზიტების პრევენციული ღონისძიებები კიდევ უფრო გამკაცრდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან საგანგებო შეხვედრის დროს ვიმსჯელეთ, რა პრევენციული ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას, რომ არც თავშესაფრის მოთხოვნის  რაოდენობა გაიზარდოს და არც არალეგალური ვიზიტები და გამობრუნებები, რომელთა ზრდაც არის წინაპირობა შეჩერების მექანიზმის ამოქმედების, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა კითხვაზე, რომელიც საქართველოს 19 მოქალაქის გერმანიაში შეშვების საკითხს ეხებოდა, არის თუ არა შესაძლებელი, რომ ისინი საქართველოს საზღვარზე შეაჩერონ.

როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, მესაზღვრეებს კვალიფიკაცია აუმაღლდათ, რათა მათ აეროპოტში შეძლებოდათ, სწორი ინფორმაციის მიწოდება და საქართველოს მოქალაქეებისთვის კითხვების დასმა ვიზალიბერალიზაციის პირობების დაკმაყოფილების კუთხით.

„თავიდანვე, ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებამდე შესაბამისი კვალიფიკაციის ამაღლება მოვახდინეთ ჩვენი მესაზღვრეების, რათა მათ აეროპორტში შეძლებოდათ სწორი ინფორმაციის მიწოდება, კითხვების დასმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის პირობების დაკმაყოფილების კუთხით. ეს დღესაც მოქმედებს და მუშაობს, მაგრამ ჩვენ ერთადერთი შეგვიძლია, მათ კითხვები დავუსვათ და ვუთხრათ, აკმაყოფილებენ თუ არა. არ ვიცი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა საქმესთან ან რა პროცესთან გვქონდა შეხება და რა კუთხით გამოიკითხა ეს ხალხი, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი ინფორმაციით, როდესაც ისინი ჩავიდნენ უკვე მენინგემის აეროპორტში, თუ არ ვცდები, ბავარიაში, ვერ გასცეს პასუხი გარკვეულ კითხვებზე და გამოაბრუნეს. ამიტომ, ჩვენ სწორედ ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტად გავამკაცრებთ ჩვენს ქმედებებს ჩვენი კანონმდებლობის ფარგლებში. პრემიერთან საგანგებო შეხვედრის დროს, ამაზეც ვიმსჯელეთ, თუ რა პრევენციული ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას, რომ არც თავშესაფრის რაოდენობის ზრდა მოხდეს და არც ვთქვათ, არალეგალური ვიზიტები და გამობრუნებები, რომლის ზრდაც არის ასევე წინაპირობა შეჩერების მექანიზმის ამოქმედების“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.