მიხეილ ჯანელიძე - ვიზალიბერალიზაცია ​ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის - ევროპული მისწრაფების და ამ გზაზე მათი განუხრელი მხარდაჭერის შედეგია
მიხეილ ჯანელიძე - ვიზალიბერალიზაცია ​ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის - ევროპული მისწრაფების და ამ გზაზე მათი განუხრელი მხარდაჭერის შედეგია

ვიზალიბერალიზაცია არ გახლავთ მხოლოდ  საქართველოს მთავრობის უდიდესი ძალისხმევისა და მასშტაბური რეფორმების შედეგი, არამედ ეს ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის – ევროპული მისწრაფების და ამ გზაზე მათი განუხრელი  მხარდაჭერის შედეგია, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებაში ნათქვამი, რომლითაც მიხეილ ჯანელიძე ვიზალიბერალიზაციის მიღებიდან ერთი წლისთავს ეხმაურება.

„დღეს, 28 მარტს ზუსტად ერთი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცათ უვიზოდ იმგზავრონ ევროკავშირის ქვეყნებში/შენგენის სივრცეში.

უვიზო მიმოსვლის პირობებში ჩვენი მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომი გახდა ის ახალი შესაძლებლობები, რომლებიც უკავშირდება დაუბრკოლებლად მოგზაურობას ევროპის ქვეყნებში. უკვე სახეზე გვაქვს ხელშესახები და კონკრეტული შედეგები სხვადასხვა მიმართულებით, როგორიც არის ტურიზმის განვითარება, ახალი ბიზნესკავშირების გაღრმავება, სტუდენტების გაცვლითი პროგრამების გააქტიურება, პროფესიონალებს შორის ჩამოყალიბებული პარტნიორული კავშირები და ზოგადად, გაღრმავებული ხალხთაშორისი ურთიერთობები. ამ ერთი წლის განმავლობაში ევროპულ ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობა უკვე 250 000-ზე მეტჯერ იქნა გამოყენებული საქართველოს მოქალაქეების მიერ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ საქართველო წარმატებით იყენებს უვიზო რეჟიმს.

ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას ჩვენთვის, პრაქტიკული ასპექტის გარდა, უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, რადგან  საქართველო ამ ნაბიჯით კიდევ უფრო დაუახლოვდა ევროპულ ოჯახს, ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების მხრიდან მოხდა საქართველოს, როგორც სანდო და ღირსეული პარტნიორის აღიარება და ჩვენ მივიღეთ კიდევ ერთხელ მტკიცე მხარდაჭერა ჩვენს ევროპულ მისწრაფებებში.

ვიზალიბერალიზაცია არ გახლავთ მხოლოდ  საქართველოს მთავრობის უდიდესი ძალისხმევისა და მასშტაბური რეფორმების შედეგი, არამედ ეს ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის – ევროპული მისწრაფების და ამ გზაზე მათი განუხრელი  მხარდაჭერის შედეგია“, – აღნიშნულია მიხეილ ჯანელიძის განცხადებაში.

საქართველოს ვიცე-პრემიერი ევროკომისიის ანგარიშსაც იხსენებს, რომელიც, მისი თქმით, დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას და ხაზს უსვამს, რომ საქართველო აგრძელებს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მოთხოვნების შემდგომ მდგრად იმპლემენტაციას.

„საქართველო სავიზო ლიბერალიზაციის შემდეგაც აგრძელებს შესაბამისი ვალდებულებების პირნათლად შესრულებას და რეფორმების გატარებას. გასული წლის 20 დეკემბერს ევროკომისიამ უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის შესაბამისად გამოაქვეყნა პირველი ანგარიში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ. ანგარიში დადებითად აფასებს მთავრობის ძალისხმევას და ხაზს უსვამს, რომ საქართველო აგრძელებს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მოთხოვნების შემდგომ მდგრად იმპლემენტაციას.

საქართველოს ხელისუფლება და საზოგადოება უფრთხილდება ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ ამ მნიშვნელოვან მონაპოვარს და ყველა ღონეს მიმართავს, რათა ქვეყანამ სრულფასოვნად შეასრულოს უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული პირობები. მართალია არსებობს ცალკეული გამოწვევები, მაგრამ მჯერა კომპლექსური ღონისძიებებით, ერთიანი მიდგომით და რაც მთავარია ჩვენი საზოგადოების აქტიური მხარდაჭერით ჩვენ დავძლევთ ამ გზაზე არსებულ ყველა გამოწვევას.

საქართველოს ყოველთვის ჰქონდა  მკაფიო ხედვა – ჩვენი მომავალი ევროპაშია, ჩვენი საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა. საქართველო მნიშვნელოვან ძალისხმევას მიმართავს, რათა მაქსიმალურად იქნას გამოყენებული ის შესაძლებლობები, რასაც მას ევროკავშირითან ასოცირების შეთანხმება და „აღმოსავლეთ პარტნიორობაში“ მონაწილეობა სთავაზობს. შედეგად ევროპული დღის წესრიგი ჩვენი ქვეყნის არა მხოლოდ საგარეო, არამედ შიდა პოლიტიკის პრიორიტეტადაც იქცა“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში.

მიხეილ ჯანელიძე აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა ამჟამად საგზაო რუკაზე მუშაობს. საქართველოს ვიცე-პრემიერი მოქალაქეებს მიმართავს, გაუფრთხილდნენ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ ყველა წარმატებას და დაიცვან ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის წესები.

„მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობა ამჟამად მუშაობს საგზაო რუკაზე, რომლის მიზანია ყველა არსებული მექანიზმისა თუ ინსტრუმენტის გამოყენებით მივაღწიოთ მაქსიმალურ ინტეგრაციას ევროკავშირში.

„დასასრულს მსურს ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ერთად გავუფრთხილდეთ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ ყველა წარმატებას, მათ შორის დავიცვათ ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის წესები, მივცეთ საკუთარ თავს შესაძლებლობა, მომავალშიც შეუფერხებლად ვისარგებლოთ ამ სიკეთით და ერთად ვაშენოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი“, – აღნიშნულია მიხეილ ჯანელიძის განცხადებაში.