მიხეილ ჯანელიძე - „სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებზე დამატებითი მსჯელობაა საჭირო
მიხეილ ჯანელიძე - „სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებზე დამატებითი მსჯელობაა საჭირო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მიიჩნევს, რომ „სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც უცხო ქვეყნის საზღვარზე საქართველოს მოქალაქის უკანონოდ გადაყვანა პატიმრობით დაისჯება, დამატებითი მსჯელობაა საჭირო. ამის შესახებ ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ასეთი პრაქტიკა სხვა ქვეყნებში არსებობს, მაგრამ საქართველოში განხორციელებას შესაბამისი მსჯელობა და განხილვა სჭირდება. ჯერ ცვლილებათა პაკეტი უნდა ვნახოთ, ვიმსჯელოთ და პოზიციები ამის შემდეგ დაფიქსირდეს. პოლიტიკის მიმართულებით ჩვენ სხვადასხვა ქვეყნის მაგალითები შესწავლილი გვაქვს, ხოლო კონკრეტულად ამ კანონპროექტთან დაკავშირებით დამატებითი მსჯელობაა საჭირო“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

„სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით, კანონპროექტით საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის ან მისთვის უცხო ქვეყანაში ყოფნისთვის შესაბამისი პირობების შექმნა (ხელის შეწყობა) სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

ამასთან, პროექტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის მიერ უცხო ქვეყნაში თავშესაფრის მიღების უფლების ბოროტად გამოყენებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა ასევე სამიდან ექვს წლამდე ვადით პატიმრობით დაისჯება.

იმ შემთხვევაში კი, თუ აღნიშნული ქმედებები ჩადენილია – არაერთგზის, ორი ან მეტი პირის მიერ, ყალბი საბუთების გამოყენებით, გათვალისწინებულია ხუთიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, თუ ზემოაღნიშნული ქმედება ჩადენილი იქნება ორგანიზებული ჯგუფის მიერ, სანქცია შვიდიდან 10 წლამდე ვადით პატიმრობას გულისხმობს.