მიხეილ ჯანელიძე - საქართველოს საგარეო უწყება ლიბიაში დაკავებული მეზღვაურების საკითხზე, პარტნიორ დიპლომატებთან ერთად, ინტენსიურად მუშაობს
მიხეილ ჯანელიძე - საქართველოს საგარეო უწყება ლიბიაში დაკავებული მეზღვაურების საკითხზე, პარტნიორ დიპლომატებთან ერთად, ინტენსიურად მუშაობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურების საკითხზე, პარტნიორ დიპლომატებთან ერთად, ინტენსიურად მუშაობს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ბათუმში ნატო-ს დღეების ფარგლებში გამართული შეხვედრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რათა მეზღვაურების საკითხი დადებითად გადაწყდეს.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ პროცესში პირველივე დღიდან ჩართულია და ჩვენ მეზღვაურების ოჯახებთან ყოველდღიურ კონტაქტზე ვართ. თვითონ ქვეყანაში ძალიან რთული პროცესია. იქიდან გამომდინარე, რომ ლიბიაში არ გვყავს დიპლომატიური წარმომადგენლობა, ჩვენი პარტნიორების მეშვეობით, ასევე პირდაპირი კონტაქტით და მათ შორის მეც, კონტაქტი მქონდა. ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ეს საკითხი ისე გადაწყდეს, როგორც ამ ადამიანების უფლებების დაცვას სჭირდება“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ქართველი მეზღვაურები ლიბიაში საზღვაო კანონმდებლობის დარღვევის ბრალდებით 2017 წლის აგვისტოში დააკავეს. ერთ-ერთი დაკავებული ნუკრი ხოხბა პატიმრობიდან გათავისუფლდა და საქართველოში 13 მარტს დაბრუნდა.