მიხეილ ჯანელიძე - საქართველოს მიზანია, უზრუნველყოს თანამშრომლობა ქვეყნებს შორის, რაც ხელს შეუწყობს სტაბილურობასა და განვითარებას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველოს მიზანია, უზრუნველყოს თანამშრომლობა ქვეყნებს შორის, რაც ხელს შეუწყობს სტაბილურობასა და განვითარებას.

მინისტრის თქმით, დღეს არის შესაძლებლობა, რომ აზიელ ბიზნესმენებმა და ევროპიდან დაინტერესებულმა პირებმა გაიცნონ საქართველო.

“ეს არის წარმატება, რადგან ჩვენ წელს გვაქვს კიდევ უფრო მეტი ინტერესი მონაწილეების მხრიდან. მონაწილეთა რაოდენობა წელს წინა ფორუმთან შედარებით გაორმაგებულია. ეს ხაზს უსვამს საქართველოს მზარდ როლს რეგიონში როგორც სატრანსპორტო, ისე სავაჭრო ჰაბის ფუნქციის მატარებელს. საქართველო ხელს უწყობს გლობალური პროექტებისა და სტრატეგიული ინიციატივების განვითარებას. საქართველო არის დღეს ლიდერი არა მხოლოდ ევროპული ტრანსფორმაციის მიმართულებით, რომელიც დადასტურდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, ასევე საქართველო იკავებს ადგილს ლიდერის რეგიონში თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების წარმოჩენის კუთხით. ჩვენი მიზანია, მოვძებნოთ თანამშრომლობის მეტი შესაძლებლობები, რომელიც ხელს შეუწყობს მშვიდობას, სტაბილურობას, განვითარებას და მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის თითოეული მოქალაქისთვის, რეგიონისთვის და საქართველო დაიმკვიდრებს თავის ადგილს, როგორც მნიშვნელოვანი და სანდრო პარტნიორი”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მისი თქმით, საქართველო მიესალმება ღია ეკონომიკას და ქვეყნის მიზანია ლოჯისტიკისა და ვაჭრობის მიმართულებით კონკურენტული გახდეს.

“საქართველო არის ღია ეკონომიკა საქართველო მიესალმება ღია კონკურენციას სხვადასხვა სატრანსპორტო კორიდორებზე. ჩვენი მიზანია, სატრანსპორტო სისტემა გავხადოთ კონკურენტიანი და ხელი შევუწყოთ ევროპასა და აზიას შორის სავაჭრო ურთიერთობებს”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.