მიხეილ ჯანელიძე - საქართველოს არასდროს ჰქონია ამხელა ნდობა და მხარდაჭერა, როგორიც აქვს დღეს ევროპული დღის წესრიგიდან გამომდინარე
მიხეილ ჯანელიძე - საქართველოს არასდროს ჰქონია ამხელა ნდობა და მხარდაჭერა, როგორიც აქვს დღეს ევროპული დღის წესრიგიდან გამომდინარე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველოს მიზანია იყოს ლიდერი, არამხოლოდ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატში, არამედ ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს შორისაც კი. ამის შესახებ საგარეო უწყების ხელმძღვანელმა პარლამენტში, სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით,  საქართველოს არასდროს ჰქონია ევროკავშირის მხრიდან ამხელა ნდობა და მხარდაჭერა „არასდროს საქართველოს არ ჰქონია ამხელა ნდობა და საქართველოს მთავრობას ამხელა მხარდაჭერა, როგორიც აქვს დღეს მისი ევროპული დღის წესრიგიდან გამომდინარე“, – აღნიშნა მინისტრმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოსაზრებით მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა შეცვალა რამდენიმე წლის წინ არჩეული სტრატეგია და ღიად განაცხადა ბალკანეთის მიმართულებით გაფართოებაზე, რაც საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანი გზავნილია.

„რა თქმა უნდა, ევროკავშირი არის თავისი პოლიტიკის ფარგლებში დღეს შეზღუდული, რომ ისაუბროს გაფართოების საკითხებზე და კონკრეტულად, აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართულებით გაფართოების საკითხზე, მაგრამ ჩვენ მივესალმებით, რომ ევროკავშირმა შეცვალა რამდენიმე წლის გაჟღერებული პოლიტიკა, ზოგადად, გაფართოებასთან მიმართებით და დღეს უკვე აქვს სტრატეგია და ევროკავშირის ხედვა არის ბალკანეთის მიმართულებით გაფართოება. ეს არის ძალიან პოზიტიური და მნიშვნელოვანი, და სამომავლოდ, ჩვენთვისაც დიდ იმედს წარმოადგენს. ჩვენი მიზანია, რომ საქართველო იყოს ლიდერი, არა მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, არამედ ევროკავშირთან გაწევრიანების მსურველ ქვეყნებთან მიმართებაშიც“, – განაცხადა ჯანელიძემ.

მისი თქმით საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს დოკუმენტზე „საგზაო რუკა ევროკავშირისკენ“, რომლის მიზანია „ევროინტეგრაციის გზაზე იმაზე მეტის გაკეთება, ვიდრე ამას ასოცირების შეთანხმება მოითხოვს, როგორც საკანონმდებლო, ასევე ინსტიტუციური დაახლოების კუთხით, მეტ პრაქტიკულ დაახლოებას და ინტეგრაციას ევროკავშირთან“.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, სექტორული დაახლოების დიდი რესურსი არსებობს და ამაზე ევროკავშირთან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.