მიხეილ ჯანელიძე - საქართველო მიიწევს წინ და იყენებს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რათა მივაღწიოთ ალიანსში გაწევრიანების საბოლოო მიზანს
მიხეილ ჯანელიძე - საქართველო მიიწევს წინ და იყენებს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რათა მივაღწიოთ ალიანსში გაწევრიანების საბოლოო მიზანს

საქართველო მიიწევს წინ და იყენებს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რათა მივაღწიოთ ალიანსში გაწევრიანების საბოლოო მიზანს, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, სხდომის ფარგლებში, 2017 წლის წლიური ეროვნული პროგრამის შეფასებითი დოკუმენტი განიხილეს და ალიანსის წევრებმა გასული წელი წარმატებულად შეაფასეს.

„უნდა აღინიშნოს, რომ საქართველომ მიაღწია განსაკუთრებულ პროგრესს ყველა მიმართულებით, რომელიც წარმოადგენს ეროვნული პროგრამის საფუძველს. დემოკრატიული განვითარების კუთხით, ეკონომიკური და თავდაცვის რეფორმების კუთხით. ალიანსის ყველა წევრის მიერ 2017 წელი შეფასდა, როგორც ძალიან წარმატებული წელი. საქართველო ნამდვილად გამოირჩევა და არის უსაფრთხოების კონტრიბუტორი რეგიონში“, – აღნიშნა ჯანელიძემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, კომისიის სხდომაზე 2018 წლის სამიტის მოლოდინებზეც იმსჯელეს.

„ჩვენი თანამშრომლობა ნატო-სთან არის ძალიან პოზიტიური რეგიონისთვის და რეგიონის უსაფრთხოებისთვის. ჩვენ ვიმსჯელეთ 2018 წლის სამიტის მოლოდინებთან დაკავშირებითაც. ის პროგრესი, რომელიც დღეს აღინიშნა, წარმოადგენს საფუძველს 2018 წლის წარმატებული სამიტისთვის ანუ საქართველოს წარმატებისთვის 2018 წლის სამიტზე. ჩვენ ველით, რომ ეს პროგრესი შესაბამისად იქნება ასახული. ველოდებით, რომ საქართველო იქნება წარმოდგენილი შესაბამის ფორმატებში 2018 წლის სამიტზე. ჩვენ დიდი ყურადღებით და აქტიურად ვმუშაობთ შავი ზღვის უსაფრთხოებაზე“, – აღნიშნა ჯანელიძემ.

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომამდე მიხეილ ჯანელიძე ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს პირისპირ შეხვდა.