მიხეილ ჯანელიძე - საქართველო ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა
მიხეილ ჯანელიძე - საქართველო ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა

საქართველო ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ისე ახლოს არასდროს ყოფილა, როგორც დღეს არის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ბათუმში ნატო-ს დღეების ფარგლებში გამართული შეხვედრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი წარმატებით ხორციელდება.

„ნატო-ს დღეების ფარგლებში ჩვენ რეგიონებში ვაგრძელებთ ვიზიტებს და ვახდენთ ჩვენი საზოგადოების ინფორმირებულობას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ. საქართველო არასდროს ყოფილა ისე ახლოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან, როგორც არის დღეს. ჩვენი ინტეგრაციული პროცესი ნატო-ში წარმატებით ხორციელდება, ჩვენ წარმატებით ვიყენებთ ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რომელიც საჭიროა წევრობისთვის. საქართველო ვითარდება დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით. საქართველოში ეკონომიკური განვითარებაც არის იმ რეფორმების შედეგი, რომელიც ასახულია ჩვენს ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამაში ნატო-სთან და ჩვენ, რა თქმა უნდა, განვითარებას კარგად ვხედავთ აჭარაშიც, სადაც მშენებლობის, ტურიზმისა და განვითარების ბუმია“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბათუმში ნატო-ს დღეების ფარგლებში იმყოფება. მიხეილ ჯანელიძე ადგილობრივი თვითმმართბელობის ორგანოების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებს, ასევე სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა. მინისტრმა შეკრებილებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობასა და ამ გზაზე არსებულ პროგრესზე ესაუბრა, ასევე, ნატო-სა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობები მიმოიხილა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.