მიხეილ ჯანელიძე - საქართველო არ არის დღეს ის ქვეყანა, რომელიც კრიმინალის კუთხით საფრთხეს წარმოადგენს ევროპული სახელმწიფოებისთვის
მიხეილ ჯანელიძე - საქართველო არ არის დღეს ის ქვეყანა, რომელიც კრიმინალის კუთხით საფრთხეს წარმოადგენს ევროპული სახელმწიფოებისთვის

მოსალოდნელი იყო, რომ ვიზალიბერალიზაციის შემდეგ გარკვეულწილად გაიზრდებოდა კრიმინალური სტატისტიკა. ეს ვიზალიბერალიზაციის მიღებამდე ევროკავშირის მიერ მომზადებულ შეფასებით დოკუმენტში, რისკებშიც იყო მითითებული, მაგრამ ეს არ გულისხმობს, რომ საქართველო არის დღეს ის ქვეყანა, რომელიც წარმოადგენს კრიმინალის კუთხით საფრთხეს ევროპული სახელმწიფოებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა კითხვაზე, ვიზალიბერალიზაციას რომ შეექმნას საფრთხე, არის თუ არა ეს ქვეყნის შიგნით გატარებული პოლიტიკის შედეგი კრიმინალთან და ორგანიზებულ დანაშაულთან მიმართებით.

მისი თქმით, საქართველო დღეს უსაფრთხო ქვეყნებში მოწინავე ადგილზეა.

“საქართველო დღეს არის უსაფრთხო ქვეყნებში მოწინავე ადგილას. იგივე უსაფრთხოების კომპონენტში ჩვენ ყველა საერთაშორისო რეიტინგში დავწინაურდით და ეს ნამდვილად არ უკავშირდება იმ რაოდენობის ზრდას, გარკვეულ ციფრებს, რომელიც ფიქსირდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. მოსალოდნელი იყო, რომ ვიზალიბერალიზაციის შემდეგ გარკვეულწილად გაიზრდებოდა სტატისტიკა. ეს ვიზალიბერალიზაციის მიღებამდე ევროკავშირის მიერ მომზადებულ შეფასებით დოკუმენტში, რისკებშიც იყო მითითებული, მაგრამ ეს არ გულისხმობს, რომ საქართველო არის დღეს ის ქვეყანა, რომელიც წარმოადგენს კრიმინალის კუთხით საფრთხეს ევროპული სახელმწიფოებისთვის. გვაქვს ძალიან აქტიური თანამშრომლობა ორმხრივ დონეზე როგორც ევროკავშირის, ასევე წევრ ქვეყნებთან და წევრ ქვეყნებში კიდევ რეგიონულ დონეზე. ეს თანამშრომლობა არის წარმატებული. ის ქართული კრიმინალური დაჯგუფებები, რა თქმა უნდა, წუხილის საგანს წარმოადგენენ ჩვენი პარტნიორების, აგებენ პასუხს იმ კრიმინალურ ქმედებებზე, რომელსაც ისინი სჩადიან, ზუსტად ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მინისტრი დარწმუნებულია, რომ არ დადგება საკითხი ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე.

„დარწმუნებული ვარ, არ დადგება საკითხი ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა. ჩვენ ყველა ნაბიჯს ვდგამთ, რომ ეს დიდი შედეგი, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ, შენარჩუნდეს და იყოს მომავალშიც კონკრეტული პოზიტიური შედეგების მომტანი ჩვენი საზოგადოებისთვის და რამდენიმე კრიმინალს არ მივცეთ საშუალება ეს დიდი სიკეთე შეაჩეროს და ასევე, ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს ამით ისარგებლონ“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.