მიხეილ ჯანელიძე - საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, ქართულმა დელეგაციამ იერუსალიმის სტატუსზე კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო
მიხეილ ჯანელიძე - საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, ქართულმა დელეგაციამ იერუსალიმის სტატუსზე კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო

საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, ქართულმა დელეგაციამ იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით გაერო-ში წარმართულ განხილვებსა და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

ჟურნალისტებთან საუბარში მიხეილ ჯანელიძე გაერო-ში განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რეზოლუციაზე კენჭისყრის პროცესი დასრულდა, რომელიც მსოფლიოს ყურადღების ქვეშ იყო.

„შედეგების შესაბამისად პოზიციები გაიყო – 25 ქვეყანამ თავი შეიკავა, რომელთა შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნები იყვნენ და ამ შემთხვევაში ევროკავშირის პოზიციაც ერთიანი არ იყო. ამ საკითხზე პარტნიორებთან კონსულტაციები გვქონდა და საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, ჩვენმა დელეგაციამ განხილვებში მონაწილეობა არ მიიღო, შესაბამისად, კენჭისყრაში”, – განაცხადა ჯანელიძემ.

გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე იერუსალიმის სტატუსის უცვლელობის შესახებ მომზადებულ რეზოლუციას უყარეს კენჭი.

კენჭისყრის შედეგების მიხედვით, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერო-ში კენჭისყრის პროცესს არ ესწრებოდა.

საქართველოს გარდა, დარბაზში არ იმყოფებოდა კიდევ 20 ქვეყნის წარმომადგენელი.

გენერალურ ასამბლეაზე გამართულ კენჭისყრაზე რეზოლუციას 128 წევრმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, ცხრა წინააღმდეგ წავიდა, 35-მა კი თავი შეიკავა.

რეზოლუცია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების საპასუხოდ თურქეთისა და იემენის მიერ მომზადდა, თუმცა მისი თანაავტორი მოგვიანებით გაერო-ს წევრი 36 ქვეყანა გახდა.