მიხეილ ჯანელიძე - საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის კონსოლიდაციის კუთხით ეს წელი უპრეცედენტოა
მიხეილ ჯანელიძე - საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის კონსოლიდაციის კუთხით ეს წელი უპრეცედენტოა

წლევანდელი წელი უპრეცედენტოა საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის კონსოლიდაციის კუთხით, რაც ნათლად აისახა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ რეზოლუციებში, განცხადებებში, ანგარიშებსა და გადაწყვეტილებებში, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს პარლამენტის წევრებთან ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენისა და სუვერენიტეტის უზრუნველყოფის მიმართულებით საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის შეჯამებისას.

მინისტრის თქმით, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენის მიმართულებით სახელმწიფოს პოლიტიკა სამ ძირითად პრინციპს ეფუძნება და ესენია საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა, რუსეთთან რაციონალური პოლიტიკის წარმართვის საფუძველზე ქვეყანაში უსაფრთხო და სტაბილური გარემოს ჩამოყალიბება და ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა; ომითა და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილი მოსახლეობის შერიგებისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობა და ქვეყნის განვითარებისა და ევროინტეგრაციის პროცესით მიღებული სარგებლის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის გაზიარება.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დეპუტატებს სამივე მიმართულებით მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგები გააცნო:

„მიმდინარეობდა აქტიური მუშაობა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე პროგრესის მიღწევის მიზნით; უპრეცედენტო აქტიურობა გაერო-ს უშიშროების საბჭოს ფორმატში, სადაც 2008 წლის შემდგომ პირველად მოხდა მინისტრის დონეზე საქართველო-რუსეთის კონფლიქტის განხილვა; რეკორდული მხარდაჭერით იქნა მიღებული გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს მიერ ინიცირებული ყოველწლიური; გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მხრივ არსებული მდგომარეობის შესახებ პირველად მიიღო რეზოლუცია; ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრებმა 2008 წლის შემდგომ საქართველოს საკითხზე პირველი დოკუმენტის მიიღეს მინისტრთა საბჭოს ფარგლებში; ევროპის საბჭოში ტარდებოდა საქართველოს საკითხის რეგულარული განხილვები და მოხსენებები; ასევე მინისტრის მოადგილეების კომიტეტის გადაწყვეტილებით რუსეთი აღიარებული იქნა კონფლიქტის მხარედ; აშშ-ს მიერ მიღებული იქნა პირველი საკანონმდებლო აქტი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ, რომელიც სანქციებს უწესებს დამრღვევ ქვეყნებს და ხელს უწყობს საქართველოს არაღიარების პოლიტიკის განმტკიცებას; რუსეთის საოკუპაციო რეჟიმების საზღვარგარეთ უკანონო კონტაქტების დამყარების პრევენცია და მათზე რეაგირება“, – აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრმა დეპუტატებს ასევე გააცნო მომავალში ამ მიმართულებით დაგეგმილი ქმედებები და აღნიშნა, რომ საქართველო გააგრძელებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში შედეგის მიღწევის მიზნით ინტენსიურ მუშაობას და პროგრესის მიღწევისთვის საერთაშორისო ძალისხმევის მობილიზებას. მინისტრის თქმით, ასევე გაგრძელდება მუშაობა პარტნიორ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში საქართველოს მხარდაჭერის შენარჩუნება-გაზრდაზე, რათა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებისა და რუსეთის უკანონო ქმედებების შესახებ ცალკეული ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების სათანადო შეფასებები აისახოს შესაბამის საერთაშორისო დოკუმენტებში, რაც კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისთვის მყარი სამართლებრივ საფუძველის შექმნის.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ კვლავ დიდი ყურადღება დაეთმობა არაღიარების პოლიტიკის შემდგომი განმტკიცებას და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმების მიერ უკანონო კონტაქტების დამყარების მცდელობების აღკვეთას და გაგრძელდება საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა ომითა და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილი მოსახლეობის შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესში, მათ შორის, ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში მიღებული სარგებლის გაზიარების გზით.