მიხეილ ჯანელიძე - რუსეთმა ოკუპირებულ რეგიონებში ევროსაბჭოს შესაბამისი მექანიზმების დაშვება უნდა უზრუნველყოს
მიხეილ ჯანელიძე - რუსეთმა ოკუპირებულ რეგიონებში ევროსაბჭოს შესაბამისი მექანიზმების დაშვება უნდა უზრუნველყოს

რუსეთმა უნდა უზრუნველყოს ოკუპირებულ რეგიონებში ევროსაბჭოს შესაბამისი მექანიზმების დაშვება, რათა ჩვენ შევძლოთ ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დანიის სამეფოს ქალაქ ელსინორში, ევროსაბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის 128-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ჯანელიძემ ევროპელ კოლეგებს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის შედეგები შეახსენა და ყურადღება გაამახვილა არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას მკვლელობების ფაქტებზე.

„ვისაუბრე იმ მძიმე ფაქტზე, რომელიც ორი თვის წინ მოხდა – ჩვენი მოქალაქის, იძულებით გადაადგილებული პირის, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით, ასევე ვისაუბრე გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით და რომ ამ ფაქტებზე საჭიროა შესაბამისი რეაგირება და რუსეთის ფედერაციამ, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელმა, უნდა აგოს პასუხი ამ მძიმე დანაშაულებზე“, – განუცხადა სიტყვით გამოსვლის შემდეგ პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისივე განცხადებით, საქართველო ევროპის საბჭოს ფარგლებში არსებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რათა ადამიანის უფლებების მდგომარეობა გაუმჯობესდეს ოკუპირებულ რეგიონებში.

„ჩვენ ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი სამოქმედო გეგმა გვაქვს ევროპის საბჭოსთან, კონტროლირებად ტერიტორიაზე დემოკრატიული პროცესების განვითარების მიმართულებით, ეს სამოქმედო გეგმა არის მხარდაჭერილი წევრი ქვეყნების მხრიდან ფინანსურად და ჩვენ ამ გეგმის შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ.

ეს აღიარებულია ევროპის საბჭოს მხრიდან, ჩვენი დემოკრატიული განვითარება, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი და ეს აისახება ჩვენს წარმატებულ საქმიანობაზე ორგანიზაციაში.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ თავის გამოსვლებში მინისტრებმა, კოლეგებმა მხარი დაუჭირეს კიდევ ერთხელ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობას ოკუპირებულ რეგიონებში და ძალიან აქტიურად განიხილებოდა კონფლიქტების თემა, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა“, – განუცხადა პირველ არხს მიხეილ ჯანელიძემ.