მიხეილ ჯანელიძე - პრეზიდენტის უფრო სიღრმისეულ მოხსენებას ველოდი
მიხეილ ჯანელიძე - პრეზიდენტის უფრო სიღრმისეულ მოხსენებას ველოდი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დღეს პარლამენტში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის უფრო სიღრმისეულ მოხსენებას ელოდა.

როგორც მან პრეზიდენტის გამოსვლის შეფასებისას აღნიშნა, იყო პრეტენზიები და ბრალდებები, მაგრამ არა – ანალიზი.

ამასთან, ჯანელიძე მიესალმება საგარეო პოლიტიკის მიმართულებით პრეზიდენტის გამოსვლაში დაფიქსირებულ პოზიტივს.

„მოველოდი უფრო სიღრმისეულ მოხსენებას. ჩვენ მოვისმინეთ ბრალდებები და პრეტენზიები და არა  – ანალიზი. შესაბამისად, საგარეო პოლიტიკის მიმართებით მივესალმები დაფიქსირებულ პოზიტივს, მაგრამ დაფიქსირებული ბრალდებები და პრეტენზიები ჩემთვის არ არის მისაღები. ვცდილობთ კოორდინირებულად ვიმუშაოთ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, მათ შორის, როდესაც საუბარია კონგრესთან მუშაობაზე, ჩვენი საელჩო აქტიურად იყო ჩართული თუნდაც პრეზიდენტის ვიზიტის ორგანიზებაში. ასევე ჩვენი საელჩოს და პარლამენტის აქტიური მუშაობის შედეგად, დაძრული გვაქვს საკანონმდებლო აქტის და რეზოლუციის პროცესი ამერიკის კონგრესში და აშშ-სთან ურთიერთობის გაღრმავების ყველა ინიციატივას მივესალმებით“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მისი თქმით, წარმატება პარტნიორებთან დიალოგითა და ნდობით მიიღწევა.  საგარეო პოლიტიკისთვის კი, კარგად გათვლილი ინიციატივები და ნაბიჯებია საჭირო.

„რაც შეეხება კონკრეტულ შედეგებს და წარმატებებს, რაზეც ისაუბრა პრეზიდენტმა, ის მიიღწევა იმ ნდობით და დიალოგით ჩვენ პარტნიორებთან, რომელიც შევქმენით. საგარეო პოლიტიკას არ უყვარს სიურპრიზები და მას კარგად გათვლილი ნაბიჯები და ინიციატივები სჭირდება“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

პრეზიდენტმა დღეს პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ არის საკითხები, რომლებშიც უკრაინელები საქართველოზე წინ არიან რუსეთთან მიმართებაში და საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით. ამასთან, მისი თქმით, რუსეთის მიმართ განსაზღვრული სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა სწორი და ადეკვატურია.