მიხეილ ჯანელიძე  - პრემიერ-მინისტრის ინიციატივა ჟენევის ფორმატის არა მოშლას, არამედ გაძლიერებას გულისხმობს
მიხეილ ჯანელიძე  - პრემიერ-მინისტრის ინიციატივა ჟენევის ფორმატის არა მოშლას, არამედ გაძლიერებას გულისხმობს

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივა ჟენევის ფორმატთან დაკავშირებით, არა მის მოშლას, არამედ გაძლიერებას გულისხმობს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა და აღნიშნულთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს უპასუხისმგებლო უწოდა.

„ვისმენთ სრულიად უპასუხისმგებლო განცხადებებს ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან. ჟენევის ფორმატთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის მოწოდება და ინიციატივა არის ძალიან კონკრეტული და გულისხმობს არა ჟენევის ფორმატის მოშლას, არამედ პირიქით, ჟენევის ფორმატის გაძლიერებას კიდევ უფრო მეტი პოლიტიკური ჩართულობით“, – განაცხადა ჯანელიძემ.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, არსებულ რთულ მოცემულობაში, გადაწყვეტილებების მიღებისას, მოიძებნოს რესურსი ყველა მხარის  მაღალი დონის პოლიტიკური ჩართულობით.

„მოგეხსენებათ, ეს გადაწყვეტილებები ბოლო 42 რაუნდია ვერ იქნა მიღებული. ამიტომ საჭიროა, პოლიტიკური ნება იქნას გამოხატული, რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რადგანაც საქართველოს მხარე გააგრძელებს კონსტრუქციულად ჩართულობას, ასევე, გამოხატავს მაღალი დონის ჩართულობის მზაობას. ძალიან მნიშვნელოვანია, რუსეთის ფედერაციამ უპასუხოს საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნას, საქართველოს მოთხოვნას. შესაბამისად, მაღალი პოლიტიკური დონის მონაწილეობითა და ნების გამოხატვით, შესაძლებელი გახდეს შემდგომი ნაბიჯების გადადგმა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში, რათა კონფლიქტი მშვიდობიანად დარეგულირდეს“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.