მიხეილ ჯანელიძე - პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესი იქნება
მიხეილ ჯანელიძე - პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესი იქნება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ვაშინგტონში სტრატეგიული ქარტიის პლენარულ სესიაზე, სადაც ქართულ მხარეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებში მიღწეულ პროგრესს განიხილავენ. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში მიხეილ ჯანელიძე გასულ წელს ყველაზე წარმატებულად აფასებს.

მისივე თქმით, განვლილი პროცესების შეჯამების პარალელურად, დაგეგმილია მომავალი სამოქმედო ნაბიჯების განხილვა.

მიხეილ ჯანელიძის ინფორმაციით, ორმხრივი შეხვედრებისას იგეგმება სტრატეგიული პარტნიორობით გათვალისწინებული მიმართულებების განხილვა.

„ეს მიმართულებები მოიცავს განათლების სფეროს, ხალხთა შორის კონტაქტებსა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში აშშ-ს მხარდაჭერას“,- აღნიშნა ჯანელიძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესი იქნება.

„შეხვედრების დროს ქართული მხარე კიდევ ერთხელ ისაუბრებს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობასა და საქართველო-რუსეთის კონფლიქტზე. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ვიმსჯელოთ თანამშრომლობის მომავალ ნაბიჯებზე, განსაკუთრებულად ჩვენ განვიხილავთ ჩვენს თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში და სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით.

ასევე განვიხილავთ ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის პროცესს და ნატო-ს სამიტს, რომელიც მიმდინარე წლის ივლისში უნდა გაიმართოს ბრიუსელში. რა თქმა უნდა, შევეხებით ჩვენს სტრატეგიული პარტნიორობით გათვალისწინებულ მიმართულებებს: განათლების სფეროს, ხალხთა შორის კონტაქტებს, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით ამერიკის მხარდაჭერას. ასევე ვისაუბრებთ საქართველო-რუსეთის კონფლიქტზე, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარებაზე, აშშ-ს მხარდაჭერა ამ პროცესში არის უმნიშვნელოვანესი როგორც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განმტკიცების, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისთვის, რომელიც გამოხატულია მათი მონაწილეობით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში და მათი მხარდაჭერით საერთაშორისო ფორუმებში“,- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

აშშ-ში გიორგი კვირიკაშვილის სამუშაო ვიზიტი დღეს დაიწყება. საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავის ფარგლებში დაგეგმილია სტრატეგიული პარტნიორობს კონფერენცია, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახსნის.