მიხეილ ჯანელიძე ლტოლვილთა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, იოჰანეს ვან დერ კლაუსს შეხვდა
მიხეილ ჯანელიძე ლტოლვილთა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, იოჰანეს ვან დერ კლაუსს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ლტოლვილთა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის (UNHCR) წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, იოჰანეს ვან დერ კლაუსს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე. შეშფოთება გამოითქვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაციასთან, თავისუფალი გადაადგილებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებების შეზღუდვასთან დაკავშირებით.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება ასევე გამახვილდა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა თავიანთ საცხოვრებლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების აუცილებლობაზე. UNHCR-ის წარმომადგენლის მხრიდან აღინიშნა საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები, თავიანთ სახლებში დაბრუნებამდე, დევნილთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.