მიხეილ ჯანელიძე ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
მიხეილ ჯანელიძე ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა უნივერსიტეტის (LSE) სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს 26 მარტს ეწვივნენ. აღნიშნული ვიზიტი ლონდონში საქართველოს საელჩოსა და საერთაშორისო ურთიერთობათა კლუბ Grimshaw-ს ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა საქართველოს მიღწევებსა და საგარეო პრიორიტეტებზე, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და საერთაშორისო რეიტინგებზე, ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის პროცესებზე, უსაფრთხოების საკითხებზე  და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში შექმნილ ვითარებაზე. მიხეილ ჯანელიძემ სტუდენტებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ რთულ ვითარებასა და საქართველოს ძალისხმევაზე არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით.

შეხვედრის დასასრულს, მიხეილ ჯანელიძემ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.

LSE-ის საერთაშორისო ურთიერთობათა კლუბი Grimshaw 1923 წელს დაფუძნდა და საერთაშორისო ურთიერთობებით დაინტერესებულ სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს აერთიანებს. გარდა ლექციებისა და დისკუსიებისა, კლუბს აქვს ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობის პრაქტიკა. წელს საქართველოში ჩამოსული 12 სტუდენტი შვიდ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელია.

ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში სტუდენტთა ჯგუფი გამართავს შეხვედრებს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან, არასამთავრობო და აკადემიურ წრეებთან. ასეთი ვიზიტების მიზანია, ზოგადად ქვეყნის, მიღწეული პროგრესისა და დემოკრატიული განვითარების გზაზე არსებული გამოწვევების შესახებ ცნობადობის ამაღლება.

ლონდონში დაბრუნების შემდეგ, კლუბი ვიზიტის შესახებ ინფორმაციას LSE-ის მედიასაშუალებების მეშვეობით გაავრცელებს.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.