მიხეილ ჯანელიძე ირანელ კოლეგას შეხვდა
მიხეილ ჯანელიძე ირანელ კოლეგას შეხვდა

​საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ მოჰამედ ჯავად ზარიფს შეხვდა.

საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მიხეილ ჯანელიძემ ირანელ კოლეგას ირანში დღეს მომხდარი ავიაკატასტროფის გამო მიუსამძიმრა, რომლის შედეგადაც თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი და ეკიპაჟის წევრი დაიღუპა.

მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები და დადებითად შეაფასეს საქართველო-ირანის ურთიერთობის დინამიკა, განსაკუთრებით გასული წელს, რომელიც დატვირთული იყო მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტებითა და შეხვედრებით.

აღინიშნა სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებული პოზიტიური თანამშრომლობა, მათ შორის სამთავრობოთაშორისი ეკონომიკური კომისიის ეფექტური საქმიანობა. ყურადღება გამახვილდა ხალხთაშორისი თანამშრომლობის კარგ დინამიკაზე და ირანელი ტურისტების მხრიდან საქართველოსადმი გამოხატულ მზარდ ინტერესზე. მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც ხელი შეუწყონ სხვადასხვა სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.