მიხეილ ჯანელიძე -  იერუსალიმის საკითხზე საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციები მიმდინარეობს
მიხეილ ჯანელიძე - იერუსალიმის საკითხზე საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციები მიმდინარეობს

საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, იერუსალიმის სტატუსის თემა სენსიტიური საკითხია.

ჟურნალისტებთან საუბარში ჯანელიძემ საკითხზე მოკლე კომენტარი გააკეთა.

“ჩვენ ამ საკითხზე კომენტარი გავაკეთეთ. ეს ძალიან სენსიტიური თემაა, ჩვენს პარტიორებთან კონსულტაციები გვაქვს და გადაწყვეტილებას შესაბამისად მივიღებთ”, – განაცხადა ჯანელიძემ.

იერუსალიმის სტატუსზე გაერო-ში დღეს დაგეგმილი კენჭისყრის წინ დონალდ ტრამპი იმ ქვეყნებს დაემუქრა, რომლებიც დახმარებას აშშ-ისგან იღებენ.

„ისინი ასობით მილიონობით, მილიარდობით დოლარს იღებენ ჩვენგან და შემდეგ ხმას ჩვენ წინააღმდეგ აძლევენ. მიეცით უფლება ასე მოიქცნენ, ჩვენ უფრო მეტ თანხას დავზოგავთ” – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპმა დეკემბრის დასაწყისში იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა, რასაც მსოფლიოს მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.