მიხეილ ჯანელიძე - გერმანიისა და საფრანგეთის შეთავაზებები მოქალაქეებისადმი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა
მიხეილ ჯანელიძე - გერმანიისა და საფრანგეთის შეთავაზებები მოქალაქეებისადმი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, გერმანიისა და საფრანგეთის მთავრობების შეთავაზებები მათ ქვეყნებში არალეგალურად მყოფი მოქალაქეებისადმი, ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.

„ეს პროგრამები არის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც არალეგალურად იმყოფებიან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, რათა ისინი დაბრუნდნენ სამშობლოში. მათ ხელს უწყობს, როგორც გერმანიისა და საფრანგეთის მთავრობა, ასევე ჩვენი მთავრობაც, რომელსაც აქვს სპეციალური პროგრამები რეინტეგრაციის რეადმისირებული პირების ინტეგრაციის და მათთვის საქართველოში შესაბამისი პირობების უზრუნველსაყოფად.

მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა ჩვენს მოქალაქეს, რათა მათ ვიზალიბერალიზაციით ისარგებლონ მხოლოდ დაშვებული პირობებით, ხოლო სხვა ყველა შემთხევაში, ისარგებლონ იმ ყველა შესაძლებლობით, რომელსაც სთავაზობს როგორც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მთავრობები, ასევე, საქართველოს მთავრობა“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მისივე თქმით, მაშინვე, როგორც კი გაჩნდა კითხვები პარტნიორ ქვეყნებში ვიზალიბერალიზაციის პირობების დარღვევასთან დაკავშირებით და გარკვეულწილად, გაიზარდა სტატისტიკა, მყისიერად დაიწყო შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა და ძალიან აქტიური და მჭიდრო თანამშრომლობა კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გასაცემად საქართველოს პარტნიორებთან.

„სწორედ ამის შედეგია ის, რომ საქართველოში ჩამოვლენ გერმანიის მთავრობის შესაბამისი უწყების წარმომადგენლები და ჩვენ საქართველოში განვიხილავთ შემდგომ ნაბიჯებს, რომლებიც უზრუნველყოფს იმას, რომ არ დადგეს დღის წესრიგში შეჩერების მექანიზმის ამოქმედება.

როგორც მე გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში მქონდა შეხვედრები გერმანიის მთავრობის წარმომადგენლებთან, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე უკვე იმყოფებოდა გერმანიაში, მანაც გამართა შეხვედრები და პირველადი კონსულტაციები და ახლა უკვე დაიგეგმა გერმანიის მთავრობის წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში და სწორედ ეს ხაზს უსვამს ჩვენს მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს დროულ და ადეკვატურ ქმედებებს, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ არ ამოქმედდეს შეჩერების მექანიზმი“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.