მიხეილ ჯანელიძე - გერმანია არის საქართველოს დემოკრატიული განვითარების, რეფორმების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერი
მიხეილ ჯანელიძე - გერმანია არის საქართველოს დემოკრატიული განვითარების, რეფორმების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ და გერმანიის სახელმწიფო მდივანმა, მიხაილ როტმა დანიაში გამართულ შეხვედრაზე ვიზალიბერალიზაციის პროცესი განიხილეს.

„ზოგადად, მოცემულობა არის გაუმჯობესებული გერმანიაში და იმედს ვიტოვებთ, რომ ეს წარმატებული თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“, – განუცხადა პირველ არხს მიხეილ ჯანელიძემ.

მისი ინფორმაციით, შეხვედრაზე იმსჯელეს იმ ნაბიჯებზე, რომელმაც ვიზალიბერალიზაციის წარმატებით მუშაობა უნდა უზრუნველყოს, კონკრეტულად კი მიმოიხილეს საქართველოს მთავრობის ახალი კონცეფცია „საგზაო რუკა“ ევროინტეგრაციის მიმართულებით. მინისტრმა გერმანელ კოლეგას მიაწოდა ცნობები საქართველოში ამ კუთხით მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებებზე და იმ საინფორმაციო კამპანიაზე, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო აწარმოებს.

„ეს ნაბიჯები არის გერმანიის მხრიდან მხარდაჭერილი, გერმანია არის საქართველოს დემოკრატიული განვითარების, საქართველოში რეფორმების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერი. გერმანია, ასევე, ძალიან აქტიურად მხარს გვიჭერს ჩვენ ევროპის საბჭოს ფარგლებში და დღეს მათ განცხადებაც გააკეთეს საქართველოსთან დაკავშირებით გამოსვლისას და ასევე, ისინი მხარს უჭერენ, როგორც გენერალური მდივნის ანგარიშს, ასევე იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მიღებულ იქნა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში და რომლიც მკაფიოდ ასახავს იმ სირთულეებს, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებშია ადამიანის უფლებების კუთხით“, – განაცხადა ჯანელიძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, გერმანიის სახელმწიფო მდივანთან მიხაილ როტთან შეხვედრისას დაგეგმილ ვიზიტებზეც გაცვალეს ინფორმაცია. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი კოლეგასთან შესახვედრად გერმანიაში მიემგზავრება. ჯანელიძის განცხადებით, ორი ქვეყნის სამართალდამცველებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა არსებობს.

საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპელ კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს დანიის სამეფოს ქალაქ ელსინორში მართავს, სადაც ევროპის საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 128-ე სესიაში მონაწილეობს.