მიხეილ ჯანელიძე - ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა გულისხმობს იმაზე მეტის გაკეთებას, ვიდრე ასოცირების შეთანხმება მოითხოვს  
მიხეილ ჯანელიძე - ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა გულისხმობს იმაზე მეტის გაკეთებას, ვიდრე ასოცირების შეთანხმება მოითხოვს  

საქართველო აგრძელებს თავის ამბიციურ ინტეგრაციულ პროცესს ევროკავშირთან, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 57-ე სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ აღნიშნულ ამბიციას უკავშირდება ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა.

„საგზაო რუკა სწორედ ამ ამბიციას უკავშირდება, რომ შევძლოთ მეტად დაახლოება ევროკავშირთან და ასევე, მეტი შესაძლებლობების გაჩენა ჩვენი მოქალაქეებისთვის. საგზაო რუკა გულისხმობს იმაზე მეტის გაკეთებას, ვიდრე ასოცირების შეთანხმება მოითხოვს დღეს საქართველოსგან. მინდა გამოვყო ძირითადი მიმართულებები: უპირველეს ამოცანად რჩება ასოცირების შეთანხმების სრულყოფილი იმპლემენტაცია. დამატებით, ჩვენი მიზანია, მოვახდინოთ მეტი ინტეგრაცია ევროპულ სააგენტოებთან. ამით გავაძლიერებთ ჩვენს შესაბამის უწყებებს და დავუახლოვდებით ევროპულ პრაქტიკას“, – განაცხადა ჯანელიძემ.

მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ასევე ევროპული პროგრამების კიდევ უფრო ეფექტიანად გამოყენება.  ამასთან, ჯანელიძის თქმით, საგზაო რუკის კიდევ ერთი მიმართულება იქნება უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა.

„განსაკუთრებული ნაბიჯის გადადგმას ვგეგმავთ, ასევე სექტორული თანამშრომლობის კუთხით, რათა ჩვენი სექტორები გავხადოთ მაქსიმალურად თავსებად ევროპულ პოლიტიკასთან. საგზაო რუკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება საკანონმდებლო დაახლოების პროცესის შეფასება, ანალიზი – სად გვჭირდება დამატებითი ნაბიჯების გადადგმა ასოცირების შეთანხმების მიღმა იმისთვის, რომ კიდევ უფრო დავუახლოვდეთ ევროპულ კანონმდებლობას. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი აქტიური ჩართულობა ევროკავშირის საერთო ქსელებში, როგორიცაა სატრანსპორტო, საკომუნიკაციო, ენერგეტიკული ქსელები“ -განაცხადა ჯანელიძემ.

მისივე თქმით, საქართველოსთვის პრიორიტეტულად რჩება აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში მონაწილეობა და 2020 წლისთვის დასახული 20 მიზნის შესრულება.

„ამ კონცეფციას წარვუდგენთ როგორც პარლამენტს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას, ბიზნესს, დაინტერესებულ პირებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს მაქსიმალური ჩართულობა და მხარდაჭერა ამ პროცესისადმი. ჩვენი ამოცანაა, რომ საგზაო რუკა შესაბამისი სამოქმედო გეგმებით მიმდინარე წლის ბოლომდე შემუშავდეს და სავარაუდოდ, ნოემბერში საბოლოო სახით წარვუდგინოთ საზოგადოებას“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 57-ე სხდომა დღეს გაიმართა, რომელზეც ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის კონცეფცია დამტკიცდა.