მიხეილ ჯანელიძე - ევროინტეგრაციის საგზაო რუკის საბოლოო დოკუმენტი საქართველოს ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობისკენ შესაძლებლობებს გაუხსნის
მიხეილ ჯანელიძე - ევროინტეგრაციის საგზაო რუკის საბოლოო დოკუმენტი საქართველოს ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობისკენ შესაძლებლობებს გაუხსნის

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დეპუტატებს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის კონცეფციას აცნობს.

შეხვედრა პარლამენტში, ევროპასთან ინტეგრაციის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე მიმდინარეობს.

მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, ევროკავშირთან ინტეგრაციის რუკის შემუშავება საქართველოს, ევროპული ინტეგრაციის პროცესში, ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

„ეს არის კონცეფცია, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მეტი ინტეგრაცია, მეტი შესაძლებლობებისთვის. ჩვენ ვიწყებთ ღია კონსულტაციების რეჟიმს. დარწმუნებულები ვართ, რომ საგზაო რუკის საბოლოო დოკუმენტი, რომელიც იქნება შეთანხმებული და საზოგადოების მხარდაჭერა ექნება, იქნება დოკუმენტი, რომელიც საქართველოს გადაიყვანს ახალ ეტაპზე ევროპული ინტეგრაციის პროცესში და გაუხსნის შესაძლებლობებს იმ საბოლოო მიზნისკენ, რომელიც არის ჩვენი სრულფასოვანი წევრობა ევროკავშირში.

საქართველო დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა ევროპული ინტეგრაციის პროცესში. ჩვენ ძალიან წარმატებული რეფორმები განვახორციელეთ და შევქმენით საფუძველი, იმისთვის რომ კიდევ მეტი ნაბიჯი გადავდგათ ინტეგრაციულ პროცესში.

სწორედ ამაზე დაფუძნებით, ჩვენ ვგეგმავთ შემდეგ ნაბიჯებს და დარწმუნებულები ვართ, ეს ნაბიჯები შექმნის უკვე იმ პირობებს, როდესაც საქართველოსთან მიმართებაში პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.