მიხეილ ჯანელიძე - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო დავოსის ფორუმზე მაღალ დონეზეა წარმოდგენილი
მიხეილ ჯანელიძე - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო დავოსის ფორუმზე მაღალ დონეზეა წარმოდგენილი

დავოსის ფორუმზე გვაქვს შესაძლებლობა, ვესაუბროთ როგორც კომპანიებს, ასევე გავმართოთ პოლიტიკური შეხვედრები, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.

„დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი არის მნიშვნელოვანი, რადგან აქ იკრიბებიან როგორც პოლიტიკური ლიდერები მსოფლიო მასშტაბით, ასევე ბიზნესის, მსხვილი საერთაშორისო კორპორაციების წარმომადგენლები. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამ ფორუმზე მაღალ დონეზეა წარმოდგენილი. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ვესაუბროთ, როგორც კომპანიებს, ასევე გავმართოთ პოლიტიკური შეხვედრები“, – აღნიშნა ჯანელიძემ.

მისი თქმით, საქართველო დავოსის ფორუმს წელს ახალი ბიზნესშესაძლებლობებითა და გაუმჯობესებული ბიზნესგარემოთი ხვდება და ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი როგორც ფორუმის ფარგლებში, ისე ორმხრივ შეხვედრზე ისაუბრებს.

„პრემიერ-მინისტრი ასევე მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში, რომელიც შეეხება ჩვენს რეგიონს და მისი განვითარების პერსპექტივებს. საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებლის როლი ყოველწლიურად კიდევ უფრო იზრდება. წელს ჩვენ ფორუმს კიდევ უფრო მეტი წარმატებით ვხვდებით. ეს გამოიხატება როგორც ახალი ბიზნესშესაძლებლობებით, ასევე – გაუმჯობესებული ბიზნესგარემოთი. შესაბამისად, ამ ყველაფერს საქართველოს მთავრობა, პრემიერ-მინისტრი წარუდგენს კომპანიებს, როგორც ფორუმის ფარგლებში, ისე – ორმხრივი შეხვედრებისას. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ფორუმი საქართველოსთვის წარმატებული იქნება“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დავოსში სიტყვით 23 იანვარს გამოვა. გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს სესიაში, სახელწოდებით – „ევრაზია: სტრატეგიული პერსპექტივა“. დაგეგმილია აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ორმხრივი შეხვედრა და მოლაპარაკებები მსხვილი საინვესტიციო ჯგუფების წარმომადგენლებთან.

საქართველოს დელეგაციაში ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი შედიან.

დატოვე კომენტარი