მიხეილ ჯანელიძე ჟენევაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტში მიიღებს მონაწილეობას
მიხეილ ჯანელიძე ჟენევაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დღეს სამუშაო ვიზიტით ჟენევას ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს ადამიანის უფლებათა მაღალი დონის სეგმენტში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიცე-პრემიერი სიტყვით გამოვა გაერო-ს ადამიანის უფლებათა მაღალი სეგმენტის სესიაზე, ასევე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს გაერო-ს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან, გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარ ზეიდ რაად ალ ჰუსეინთან, გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარ ფილიპო გრანდისთან და გაერო-ს გენერალურ დირექტორ მიხაილ მოლერთან. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ორმხრივ შეხვედრებს ასევე გამართავს კოლეგა მინისტრებთან და მონაწილეობას მიიღებს რამდენიმე პარალელურ ღონისძიებაში, მათ შორის ადამიანის უფლებების როლზე მშვიდობის შენარჩუნებაში.

„გაერო-ს ადამიანის უფლებათა მაღალი სეგმენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, ისევე როგორც გაერო-ს ხელმძღვანელ პირებთან ორმხრივ შეხვედრებზე, საგარეო უწყების ხემძღვანელი ყურადღებას გაამახვილებს საქართველოში გატარებულ დემოკრატიულ რეფორმებსა და ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ გადადგმულ ნაბიჯებზე, ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევისა და ხელყოფის ფაქტებს, მათ შორის საოკუპაციო რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ტრაგიკულ შემთხვევას.

ქართული მხარე მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო რეაგირება მოხდეს ამ უმძიმეს ფაქტზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ადგილზე ადამიანის უფლებათა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების არსებობის აუცილებლობას“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

მიხეილ ჯანელიძის ვიზიტი ჟენევაში შვეიცარიის კონფედერაციაში 27 თებერვალს დასრულდება.