მიხეილ ჯანელიძე - დღეს კიდევ ერთხელ მოვისმინეთ გზავნილი, რომ აშშ არის საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ერთგული
მიხეილ ჯანელიძე - დღეს კიდევ ერთხელ მოვისმინეთ გზავნილი, რომ აშშ არის საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ერთგული

ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები მოვისმინეთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მხრიდან. ეს იყო მისი ერთ-ერთი პირველი შეხვედრა ევროპელ ლიდერებთან, რაც ჩვენი ქვეყნისთვის იყო მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულება და გზავნილი მთელი მსოფლიოსთვის, რომ ამერიკა არის ერთგული საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის და ჩვენ ვდგამთ ახალ ნაბიჯებს ამ ურთიერთობებში, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს შეხვედრისა და ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარული სხდომის შეფასებისას.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, პლენარულ სესიაზე, ამერიკელ პარტნიორებთან განხილული იქნა ქარტიის თანამშრომლობის ყველა მიმართულება და აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგში არსებული საკითხები. მისი თქმით, ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს პროგრესი დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების კუთხით და ასევე, საქართველოს როლი რეგიონში და აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა რეგიონის სტაბილურობისა და განვითარებისთვის.

მინისტრის ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე, რომელიც ახალ ეტაპზე გადავიდა. ასევე, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი და ძალისხმევა ეკონომიკური რეფორმების გატარების და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კუთხით.

„შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველო-აშშ-ს ეკონომიკურ თანამშრომლობას, რომელიც ახალ ეტაპზე გადადის ამერიკული კომპანიების მხრიდან საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების შედეგად, რაც ხორციელდება ძალიან მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაში, განსაკუთრებით გამოვყოფ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ სავაჭრო ურთიერთობასა და სავაჭრო შეთანხმების მნიშვნელობაზე. საქართველოსთვის პრიორიტეტად რჩება აშშ-სთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმება და საქართველო არის მზად როგორც ინსტიტუციურად, ასევე ყველა იმ რეფორმით, რომელიც ქვეყანაშია განხორციელებული და იმ ეკონომიკური შესაძლებლობებით, რაც ქმნის მნიშვნელოვან პლატფორმას ამერიკული ბიზნესისთვის, გადაიდგას ახალი ნაბიჯები სავაჭრო ურთიერთობებში“, – აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, ყურადღება დაეთმო რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებას. მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მიმართულებით დღეს ვაშინგტონში მნიშვნელოვანი გზავნილები გაისმა.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფო მდივნის გზავნილები, რომელიც უკავშირდებოდა ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, რაც იყო განსაკუთრებით მკაფიო რუსეთის ვალდებულებებთან, კონკრეტულად კი ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულებასთან დაკავშირებით. ასევე ჩვენ განვიხილეთ ის ახალი ინიციატივები, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები თანამემამულეებისთვის და აშშ მხარს უჭერს ამ ნაბიჯებს და გააგრძელებს საქართველოს მთავრობასთან მუშაობას ამ მიმართულებით“, – დასძინა მინისტრმა.

მისი თქმით, პლენარულ სესიაზე ასევე საუბარი შეეხო ხალხთა შორის ურთიერთობების მიმართულებით, განათლების სფეროსა და დემოკრატიის განვითარების კუთხით თანამშრომლობას.

„დღევანდელი შეხვედრით შეიძლება ითქვას, რომ გადავდგით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში და ეს არის სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ღია და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა“, – განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

დღეს ვაშინგტონში გაიმართა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის პლენარული სხდომა, რომელიც მისასალმებელი სიტყვებით გახსნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და ამერიკის სახელმწფო მდივანმა, მაიკ პომპეომ. სხდომას საქართველოს მხრიდან ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე უძღვებოდა, ხოლო აშშ-ის მხრიდან ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვეს მიჩელი.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.