მიხეილ ჯანელიძე - დარწმუნებული ვართ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი საქართველოსთვის ძალიან წარმატებული იქნება
მიხეილ ჯანელიძე - დარწმუნებული  ვართ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი საქართველოსთვის ძალიან წარმატებული იქნება

საქართველოსთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე იმედგაცრუებისთვის ადგილი დატოვებული არ არის, – ეს განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გააკეთა.

როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა,აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს საქართველო ძალიან კარგ ფორმაში ხვდება.

“დარწმუნებული  ვართ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი საქართველოსთვის ძალიან წარმატებული იქნება. ჩვენ საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდაჭერის დადასტურებას და პრაქტიკულ ნაბიჯებს კიდევ ერთხელ ვნახავთ. საქართველომ ხელშესახებ ძალიან მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე იმედგაცრუებისთვის ადგილი დატოვებული არ არის. საქართველო რეფორმებს იმისთვის ატარებს, რომ ნამდვილად ევროპულ ქვეყანად იქცეს. ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ევროკავშირისგან ვიღებთ. ჩვენ შესაბამის აღიარებას და პერსპექტივას ყოველგვარი იმედგაცრუების გარეშე მოველით. ძალიან ძლიერი მუშაობით ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ შედეგი დადგება, საქართველო თავისი ტრანსფორმაციით და ევროკავშირთან დიალოგით საკუთარ მიზანს მიაღწევს და ერთ მშვენიერ დღეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდება”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მიხეილ ჯანელიძემ პოლონელ და შვედ კოლეგას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განმარტა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში საქართველომ ხელშესახებ შედეგს უკვე მიაღწია.

“აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე 10 დღით ადრე აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ ვიზიტს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, რომელიც პოლონეთისა და შვედეთის მხარდაჭერის მკაფიო გამოხატულებაა. ეს ნამდვილად ფასდაუდებელია და წლების განმავლობაში ძალიან კონკრეტული შედეგები ვიხილეთ. აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში საქართველომ დიდ წარმატებებს მიაღწია. საქართველო დღეს ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყანაა, რომელიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით ევროკავშირის შიდა ბაზართან ინტეგრირებულია. ამ შეთანხმების შემდეგ ევროკავშირი საქართველოსთვის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი გახდა. საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში მოგზაურობა დღეს უვიზოდ შეუძლიათ და ეს აღმოსავლეთ პარტნიორობის შედეგია. საქართველო უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორია. რაც ევროკავშირის მიერ აღიარებულია. ჩვენ ამ პარტნიორობით და თანამშრომლობით ვამაყობთ და კონფლიქტის დარეგულირების პროცესში ევროკავშირის ჩართულობას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, ასევე რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისა და ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციის პროცესში, ევროკავშირის მხრიდან მტკიცე მხარდაჭერა გვაქვს”, – განაცხადა ჯანელიძემ.