მიხეილ ჯანელიძე - დარწმუნებული ვარ, რომ ვიზალიბერალიზაციას მომავალში არანაირი პრობლემა არ შეექმნება
მიხეილ ჯანელიძე - დარწმუნებული ვარ, რომ ვიზალიბერალიზაციას მომავალში არანაირი პრობლემა არ შეექმნება

თავისუფლება, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს მიენიჭათ, დიდ პოლიტიკურ მნიშვნელობას ატარებს, რაც გამოხატულია ჩვენი ევროპული ინტეგრაციის წინსვლაში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიზალიბერალიზაციის ერთი წლის თავზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, ვიზალიბერალიზაცია არის არა მხოლოდ პოლიტიკური მიზანი, არამედ რეალური პრაქტიკული შესაძლებლობა, რომელიც საქართველოსადმი ევროკავშირის მიერ ასევე ნდობის გამოხატულებაა.

“ჩვენ ძალიან რთულ დროს მივიღეთ ევროკავშირის მხრიდან ეს თავისუფლება, მაშინ როდესაც ევროკავშირს ჰქონდა მიგრაციასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემა და პოლიტიკურად ძალიან რთული იყო მათთვის ამ გადაწყვეტილების მიღება. მაგრამ ჩვენმა რეფორმებმა და მიზანზე ორიენტირებულმა მოლაპარაკებებმა ევროკავშირთან შესაძლებელი გახადა ეს შედეგი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ დღეს, რათა ეს შედეგი შენარჩუნდეს”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მისივე თქმით, ერთი წლის განმავლობაში იყო გამოწვევებიც, რაც თავშესაფრის რეჟიმის არასწორ გამოყენებასა და გარკვეულწილად უკავშირდებოდა კრიმინალურ ქმედებებს.

“როგორც კი ეს საფრთხეები გაჩნდა და ამ საკითხებმა შეაწუხა ჩვენი პარტნიორები, მყისიერი რეაგირება მოვახდინეთ. საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღა დავიწყეთ. ასევე, კამპანიის ფარგლებში ვაწვდით იმ ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება თავშესაფრის პოლიტიკას. საქართველო დღეს არის უსაფრთხო ქვეყანა და ადამიანის უფლებები საქართველოში დაცულია, შესაბამისად, მინიმალური შანსია იმისა, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ამ მიზნით თავშესაფარი მიიღონ. ხშირად ჩვენი მოქალაქეები მსხვერპლი ხდებიან იმ ცრუ ინფორმაციისა, რომელთაც აწვდიან შუამავალები და სხვადასხვა პირები. შემდეგ ეს მოტყუებული მოქალაქეები უფრო მეტი ფინანსური თუ სხვა პრობლემის წინაშე დგებიან. ამიტომ ჩვენ ამ მიმართულებითაც ვაწარმოებთ კამპანიას. კიდევ უფრო გავაძლიერეთ ჩვენი თანამშრომლობა ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან. მოვახდინეთ რეგულაციების ცვლილება ქვეყნის შიგნით, რათა დავხუროთ ყველა შესაძლო ხვრელი, რომელიც თავშესაფრის არასწორად თხოვნის შესაძლებლობას აჩენს. ჩვენმა მყისიერმა რეაგირებამ გამოიღო შედეგები.  დარწმუნებულები ვართ, რომ ეს კითხვები ევროპულ მხარეს ძალიან მალე მოიხსნება და ვიზალიბერალიზაციას მომავალში არანაირი პრობლემა არ შეექმნება”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.