მიხეილ ჯანელიძე - ჩვენი სურვილია, ოთხმხრივი ფორმატის ახალი შესაძლებლობები გამოვიყენოთ
მიხეილ ჯანელიძე - ჩვენი სურვილია, ოთხმხრივი ფორმატის ახალი შესაძლებლობები გამოვიყენოთ

ბაქოში გაიმართა ოთხმხრივ ფორმატში აზერბაიჯანის, საქართველოს, ირანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა. ოთხი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა აღნიშნული ფორმატის ფარგლებში ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი და ხაზი გაუსვეს ოთხმხრივი თანამშრომლობის ფორმატის დაფუძნების მნიშვნელობას, როგორც ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების, ასევე ზოგადად რეგიონის განვითარებისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა საქართველოს მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს აღნიშნულ ფორმატში წარმოდგენილ ყველა ქვეყანასთან და მადლობა გადაუხადა მათ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ოთხივე ქვეყნის საერთო ინტერესს, ხელი შეუწყონ რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობის უზრუნველყოფას, საერთაშორისო სამართლის პრინციპების, ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტს დაცვას და კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას.

შეხვედრაზე აღინიშნა ახლად დაფუძნებული ფორმატის ფართო შესაძლებლობები სექტორალური თანამშრომლობის განსავითარებლად ისეთ სფეროებში როგორიც არის ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ახალი ტექნოლოგიები, ტურიზმი, ინფრასტრუქტურა და ა.შ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სატრანზიტო სფეროში ოთხმხრივ თანამშრომლობას, აღინიშნა ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფნების განვითარების მიმართულებით ოთხივე ქვეყნის მზარდი პოტენციალი და ამ კუთხით თანამშრომლობის მნიშვნელობა.

„ჩვენ უკვე ვთანამშრომლობთ სამმხრივ ფორმატებში, თუმცა ოთხმხრივ ფორმატში არსებობს ახალი შესაძლებლობები და ჩვენი სურვილია, რომ ეს შესაძლებლობები იქნას მაქსიმალურად გამოყენებული რეგიონის სტაბილურობისთვის, განვითარებისა და მეტი ხალხთაშორისი კონტაქტებისთვის. დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ განცხადებას, რომელშიც განსაზღვრულია ის მიმართულებები, რომელიც ამ ფორმატისთვის სახელმძღვანელო იქნება და გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, რათა ამ მიმართულებებით კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ. ჩვენ ვხედავთ დიდ პოტენციალს სატრანსპორტო კავშირების განვითარების კუთხით. პირველ რიგში კი ეს ეხება სამხრეთ-დასავლეთ სატრანზიტო დერეფნის განვითარებას, სადაც საქართველომ, ოთხივე ქვეყანამ შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრის შემდგომ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მხარეები შეთანხმდნენ ოთხმხრივ ფორმატში სექტორალური თანამშრომლობის სამოქმედო გეგმის შემუშავების მნიშვნელობაზე.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.