მიხეილ ჯანელიძე - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის საქართველოში ვიზიტი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას უსვამს ხაზს
მიხეილ ჯანელიძე - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის საქართველოში ვიზიტი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას უსვამს ხაზს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, უეს მიტჩელის საქართველოში ვიზიტი ხაზს უსვამს აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, უეს მიტჩელი ნატო-ს დღეების ფარგლებში, მონაწილეობას მიიღებს ნატო-ს სახალხო დიპლომატიის ფორუმში.

„აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოში ბრიუსელიდან ნატო-ს მინისტერიალის შემდეგ ჩამოვა. უეს მიტჩელი გამართავს ორმხრივ შეხვედრებს და ასევე ნატო-ს სახალხო დიპლომატიის ფორუმის მონაწილეებს მიმართავს. ეს აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის ხაზგასმაა. ინტეგრაციული პროცესების შესახებ საქართველოს მოსახლეობის ინფორმირებაში ​ფორუმის სხვა მონაწილეებიც დიდ წვლილს შეიტანენ“, – განაცხადა ჯანელიძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ნატო-ს სახალხო დიპლომატიის ფორუმი საქართველოში მესამედ იმართება.

„ნატო-ს სახალხო დიპლომატიის ფორუმი ნატო-ს დღეების ფარგლებში ჩატარდება. საინფორმაციო კამპანიას ქვეყნის მაშტაბით აქტიურად ვახორციელებთ. ჩვენი მიზანია, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირება მოვახდინოთ.

საქართველოში ნატო-ში ინტეგრაციის მხარდაჭერის მაჩვენებელი მაღალია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს მხარდაჭერა კარგად გაცნობიერებული და ინფორმირებული არჩევანი იყოს. ნატო-ს სახალხო დიპლომატიის ფორუმიც ამ მიზანს ემსახურება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ როგორც საქართველოს, ისე საზღვარგარეთიდან მოწვეული უმაღლესი თანამდებობის პირები“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.