მიხეილ ჯანელიძე - 9 აპრილი არის დიდი სიხარულისა და ტკივილის გამაერთიანებელი დღე, მაგრამ რაც მთავარია, გამოხატავს ჩვენს სწრაფვას თავისუფლებისადმი
მიხეილ ჯანელიძე - 9 აპრილი არის დიდი სიხარულისა და ტკივილის გამაერთიანებელი დღე, მაგრამ რაც მთავარია, გამოხატავს ჩვენს სწრაფვას თავისუფლებისადმი

დღევანდელი დღე არის მნიშვნელოვანი საქართველოს ისტორიაში. ეს არის დიდი სიხარულისა და დიდი ტკივილის გამაერთიანებელი დღე, მაგრამ რაც მთავარია, გამოხატავს ჩვენს სწრაფვას თავისუფლებისადმი, ხალხის ძალას, გაერთიანდეს და იბრძოლოს დამოუკიდებლობისათვის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან განაცხადა.

მიხეილ ჯანელიძის თქმით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გავაგრძელოთ იმ მიზნებისადმი ბრძოლა, რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას, სუვერენიტეტის გამტკიცებას,  ჩვენს ერთობას და უკეთეს მომავალს.

„ჩვენ ვიხილეთ ის თავგანწირვა, რომელმაც მოიტანა, აღადგინა ჩვენი დამოუკიდებლობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს წელს, როდესაც აღვნიშნავთ 100 წლის იუბილეს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ჩამოყალიბებისა და შემდეგ უკვე ბრძოლას ამ დამოუკიდებლობის აღსადგენად. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გავაგრძელოთ იმ მიზნებისადმი ბრძოლა, რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას, სუვერენიტეტის გამტკიცებას, ჩვენს ერთობას და უკეთეს მომავალს“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

9 აპრილის ტრაგედიიდან 29 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა.

დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.