მიხეილ ჯანელიძე - 2017 წელი განსაკუთრებულად წარმატებული იყო საგარეო პოლიტიკის მიმართულებით
მიხეილ ჯანელიძე - 2017 წელი განსაკუთრებულად წარმატებული იყო საგარეო პოლიტიკის მიმართულებით

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში 2017 წელი შეაჯამა. მიხეილ ჯანელიძე საგარეო პოლიტიკის მიმართულებით არსებულ შედეგებს პოზიტიურად აფასებს.

მინისტრი მთავარ მიღწევებს ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებსა და აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან კავშირებს მიიჩნევს.

„შეიძლება თამამად ითქვას, რომ ეს წელი იყო განსაკუთრებულად წარმატებული საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. ჩვენ მივაღწიეთ ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს ყველა იმ ძირითადი პრიორიტეტის ფარგლებში, რომელიც გვქონდა დასახული. პირველ რიგში, გამოვყოფდით განსაკუთრებულ შედეგებს ევროპული ინტეგრაციის პროცესში. საქართველო წელს აღიარებული იქნა აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერად, იმ გატარებული რეფორმების შედეგად, რომელიც ჩვენს ქვეყანაში განხორციელდა“, – აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრის თქმით, 2017 წელი საგარეო სამინისტროსთვის ეკონომიკური დიპლომატიის მხრივაც აქტიური იყო, განსაკუთრებით კი აზიის ქვეყნებთან ურთიერთობებში.

„ეს არის ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, იაპონიასთან ინვესტიციების დაცვის შეთანხმება, ინდოეთთან ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებზე კვლევის დასრულება. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ მალე დაიწყება მოლაპარაკებები ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე“, – აღნიშნა ჯანელიძემ პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

რაც შეეხება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს, მიხეილ ჯანელიძე აღნიშნავს, რომ წელს საკითხი საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში აქტიურად განიხილებოდა, მათ შორის გაერო-ს უშიშროების საბჭოზე მინისტრების დონეზე.

„ჩვენ ვაგრძელებთ რაციონალურ პოლიტიკას რუსეთის ფედერაციასთან, სატრანსპორტო, სავაჭრო, ტურისტული და ხალხთაშორისი ურთიერთობებით და ჩვენი მიზანია, მოვძებნოთ კონფლიქტის დარეგულირების მშვიდობიანი გზები საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით. ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის როლი ამ საკითხებში და ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს ყველა ძირითად პარტნიორთან, რათა სწორედ მათი აქტიური მონაწილეობით მოხდეს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების გზების გამოძებნა“, – ამბობს მიხეილ ჯანელიძე.