მიხეილ ჯანელიძე – ​საქართველო-აშშ გააგრძელებენ სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას ქვეყნის განვითარებისა და რეგიონის სტაბილურობისთვის

15:30, 17.02.2018

„ორივე მხარე ვიმუშავებთ იმისათვის, რომ ჩვენი თანამშრომლობა იყოს კიდევ უფრო მყარი და ემსახურებოდეს, როგორც საქართველოს გაძლიერებას, თავდაცვის უნარიანობის ამაღლებას, ზოგადად ქვეყნის განვითარებას, ასევე ჩვენს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას და რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას“ – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში აშშ-ის თავდაცვის მდივანთან ჯეიმს მატისთან საქართველოს დელეგაციის შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.

როგორც მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ 2017 წელი საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების ისტორიაში განსაკუთრებულად წარმატებული იყო, რაც მინისტრის თქმით, გამოიხატა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში გაღრმავებულ თანამშრომლობაში, შეთანხმებებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში და სხვა. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი მზადყოფნა, ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, აშშ-ის თავდაცვის მდივანთან შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს, ნატო-ს სამიტსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას.  

„განხილულ იქნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა, რუსეთის ქმედებები და აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა, რომელიც გამოხატული იქნა გასული წლის განმავლობაში შესაბამისი საკანონმდებლო გადაწყვეტილებებით და შესაბამისი ქმედებებით. ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას ყველა მიმართულებით, რათა სტრატეგიული პარტნიორობა იყოს წარმატების მომტანი საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებისთვის და ზოგადად რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის“ – აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით აშშ-ის თავდაცვის მდივანს ჯეიმს მატისს შეხვდა.

ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია.

მსგავსი