მიხეილ ჯანელიძე - მოვუწოდებ გერმანიიდან სამშობლოში დაბრუნების მსურველ ჩვენს მოქალაქეებს, ისარგებლონ გერმანიის მთავრობის შეთავაზებით
მიხეილ ჯანელიძე - მოვუწოდებ გერმანიიდან სამშობლოში დაბრუნების მსურველ ჩვენს მოქალაქეებს, ისარგებლონ გერმანიის მთავრობის შეთავაზებით

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯალენიძე გერმანიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც სამშობლოში დაბრუნება სურთ, მოუწოდებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შეთავაზებით ისარგებლონ.

როგორც ჯანელიძემ განაცხადა, ეს არის გერმანიის მთავრობის მხარდაჭერა, ხელი შეუწყოს გერმანიაში ჩასულ მოქალაქეებს, დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყანაში.

“ეს არის მხარდაჭერა, რომელსაც გამოხატავს ჩვენი პარტნიორი ქვეყანა, ამ შემთხვევაში გერმანია, რათა ხელი შეუწყოს ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ჩავიდნენ გერმანიაში და საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების სურვილი აქვთ. ვინც არალეგალურად იმყოფება გერმანიაში და სამშობლოში დაბრუნების სურვილი აქვს, გერმანიის მთავრობა სთავაზობს სპეციალურ პირობებს, ფინანსურ დახმარებას და საქართველოში დაბრუნებისა და პირობების შექმნისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებას. საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხაა“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, საგარეო უწყება აღნიშნულ ინფორმაციას მაქსიმალურად ფართოდ და აქტიურად გაავრცელებს საკუთარი არხებით, დიასპორული და შესაბამისი ორგანიზაციებით, რათა ყველამ შეძლოს აღნიშნული ახალი შესაძლებლობით სარგებლობა და დაბრუნება სამშობლოში.

“იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება კონკრეტული შედეგის მომტანი იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს სამშობლოში დაბრუნება და მოვუწოდებ მათ, ისარგებლონ ამ შესაძლებლობით“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნების მსურველ უცხოელებს  მატერიალურ და არამატერიალურ დახმარებას სთავაზობს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიის მთავრობის და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ურთიერთთანამშრომლობით ხორციელდება პროექტი: _ „REAG/GARP – Reintegration and Emigration Programme for Asylum-Seekers in Germany (REAG); Government Assisted Repatriation Programme (GARP)“, რომელიც სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნების მსურველ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, მატერიალურ და არამატერიალურ დახმარებას სთავაზობს. პროგრამის (REAG/GARP) ფარგლებში გათვალისწინებულია, როგორც სამშობლოში დაბრუნების სამგზავრო ხარჯების ანაზღაურება, ასევე, არსებობს დამატებითი ფინანსური დახმარების მიღების შესაძლებლობა.