მიხეილ ჯაფარიძე - თბილისის გრანდ სლემზე მედლისთვის ვიბრძოლებ #1TVSPORT
მიხეილ ჯაფარიძე - თბილისის გრანდ სლემზე მედლისთვის ვიბრძოლებ #1TVSPORT

თბილისი 24-26 მარტს ძიუდოში გრანდ სლემს უმასპინძლებს. ტურნირზე საქართველოს ეროვნული ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით იასპარეზებს. მედლებისთვის 28 კაცი და 12 ქალი ძიუდოისტი იბრძოლებს.

მოახლოებულ შეჯიბრებაზე და სპორტის გულშემატკივრებისთვის საინტერესო თემებზე სასაუბროდ პირველი არხი ახალგაზრდა მიხეილ ჯაფარიძეს დაუკავშირდა.

19 წლის ძიუდოისტმა, რომელიც კარიერაში გრანდ სლემზე მეორედ იასპარეზებს, განაცხადა, რომ იგი კარგ ფორმაშია და ტურნირზე მედლის მოსაპოვებლად იჭიდავებს.

ჯაფარიძემ ნაკრების სხვა წევრებთან ერთად საწვრთნელი შეკრება ჩეხეთში გაიარა.

„თბილისის გრანდ სლემზე გამოსვლა ჩემთვის უდიდესი გამოცდილება იქნება და მიზნის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებ“, – აღნიშნა ძიუდოისტმა.

შეგახსენებთ, რომ შეჯიბრების ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი და ტელესკოლა შემოგთავაზებთ. ტურნირის ბილეთების შეძენა შესაძლებელია TKT.ge-ზე.

წინასწარი შეხვედრები, სავარაუდოდ, 10:00 საათზე დაიწყება (ზუსტი დრო 23 მარტს, წილისყრის შემდეგ გამოცხადდება), ფინალური ბლოკი სამივე დღეს 17:00 საათზე გაიმართება. გრანდ სლემი „თბილისი არენაზე“ ჩატარდება.