მიხეილ გიორგაძე - სპორტულ აქტივობებში მოსახლეობის 22%-ია ჩართული, სამ წელში ეს მაჩვენებელი მინიმუმ, უნდა გაორმაგდეს
მიხეილ გიორგაძე - სპორტულ აქტივობებში მოსახლეობის 22%-ია ჩართული, სამ წელში ეს მაჩვენებელი მინიმუმ, უნდა გაორმაგდეს

სპორტულ აქტივობებში მოსახლეობის 22%-ია ჩართული და სამი წლის თავზე არსებული მაჩვენებელი მინიმუმ, უნდა გაორმაგდეს,- განაცხადა კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.

ამ განცხადებით მიხეილ გიორგაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, როდის ნახავს საზოგადოება პირველ ხელშესახებ შედეგებს.

„დღევანდელი სტატისტიკით სპორტული ინფრასტრუქტურის დაახლოებით 80% სახელმწიფო მფლობელობაშია. ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით, ბიზნესთან მჭიდრო ურთიერთობას და თანამშრომლობას ვაპირებთ და ვფიქრობ, მართვის ნაწილში ბიზნესის ჩართვა მართვას ბევრად უფრო მოქნილს გახდის“, – განაცხადა გიორგაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ და საიდან მოხდება ფინანსური რესურსის მობილიზება, მიხეილ გიორგაძემ აღნიშნა, რომ ფინანსური თვალსაზრისით, მთელი ეს პროცესი იაფი არ იქნება, მაგრამ ამოცანა იმდენად მნშვნელოვანია, რომ შესაბამისი ფინანსური რესურსების აკუმულირებისთვის აქტიური ნაბიჯები უნდა გადაიდგას. 

„ფინანსური რესურსის მობილიზება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდება. ამასთან, შემუშავდება თანამშრომლობის ფორმა კერძო სექტორთან და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან“, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი ახალგაზრდების არა მხოლოდ სპორტულ, არამედ კულტურულ და სახელოვნებო პროექტებში ჩართვასაც გულისხმობს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით, ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე სამუშაო შეხვედრა დღეს გაიმართა.

შეხვედრაზე იმსჯელეს კომპლექსური გეგმის ჩამოყალიბებაზე, რომელშიც ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების, შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნისა და ხელმისაწვდომობის კუთხით გადასადგმელი კონკრეტული ნაბიჯები გაიწერება.