მიხეილ გიორგაძე - სიტყვის თავისუფლების გამოყენებით სხვისი უფლებები არ უნდა შევლახოთ
მიხეილ გიორგაძე - სიტყვის თავისუფლების გამოყენებით სხვისი უფლებები არ უნდა შევლახოთ

სიტყვის თავისუფლების გამოყენებით სხვისი უფლებები არ უნდა შევლახოთ, – ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა. მიხეილ გიორგაძე გამოეხმაურა საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას, სადაც მღვდელმთავრებს მოუწოდა, „რუსთავი 2“-თან ყოველგვარი ურთიერთობა გაწყვიტონ.

როგორც გიორგაძემ აღნიშნა, ყველა თანხმდება, რომ საქართველოში სიტყვის თავისუფლება უზრუნველყოფილია და ამ თემაზე კამათი არასერიოზულია.

„ჩემი აზრით, სიტყვის თავისუფლებას მოჰყვება პასუხისმგებლობა, ვგულისხმობ იმას, რომ ამ უფლების გამოყენებით სხვისი უფლებები არ უნდა შევლახოთ, იქნება ეს რელიგიური თვალსაზრისით, ეთნიკური თუ სხვა. შესაბამისად, აქ უფრო მეტად ვგულისხმობ შინაგანი პასუხისმგებლობის გრძნობას და არა რაიმე სამართლებრივ რეგულაციას. ჩვენ უნდა ვისწავლოთ, რომ ამ უფლების გამოყენებით სხვისი უფლებები არ შევლახოთ.

ის, რომ ცენზურა და შემოქმედებით პროცესში ნებისმიერი ფორმით ან მიზეზით სახელმწიფოს ჩარევა არის დაუშვებელი, ყველა ფუნდამენტურ დოკუმენტში ასახულია, კონსტიტუციიდან დაწყებული კულტურის სტრატეგიით დამთავრებული, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ ყველამ ერთად მივიღეთ“, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

საქართველოს საპატრიარქომ 24 მაისს სამღვდელოებას მოუწოდა, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ყოველგვარი ურთიერთობა შეწყვიტონ, არ მისცენ ინტერვიუ და მონაწილეობა არ მიიღონ მათ არც ერთ გადაცემაში.

საქართველოს საპატრიარქო მიიჩნევს, რომ „აღნიშნული ტელეკომპანიის გადაცემები იმდენად ცინიკური და უტიფარია, რომ ხალხის საერთო აღშფოთებას და ქვეყანაში დაძაბულობას იწვევს“. საპატრიარქოს განცხადება მოყვა გადაცემა „არჩევანში“ გიორგი გაბუნიას მიერ გაკეთებულ კომენტარს.

„შეამჩნევდით, რომ სტუდიაში დღეს ერთი უცნაური სტუმარი გვყავს, მარიამი სათამაშო პისტოლეტით, რომელიც ცნობილია თვითმკვლელი ღვთისმშობლის სახელით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ პისტოლეტი სათამაშოა, სინამდვილეში ის თავს ვერ მოიკლავს, ასე რომ ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსაც გააჩენს, არ ინერვიულოთ ამ თემასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა გიორგი გაბუნიამ გადაცემა „არჩევანში“.

ამასთან, განცხადების ტექსტში აღნიშნულია, რომ საპატრიარქო მოუწოდებს ხელისუფლებას, „გადადგან ქმედითი და სწრაფი ნაბიჯები, რათა შეიქმნას საზოგადოების დამცავი სამართლებრივი და სხვა სახის მექანიზმები და გატარდეს შესაბამისი პოლიტიკა, რომ ქვეყანა არ დადგეს უმართავი პროცესების განვითარების საშიშროების წინაშე“.