მიხეილ გიორგაძე - დარწმუნებული ვარ, ჯვრის მონასტრის ჭიშკარი გაიხსნება, გარწმუნებთ, ძალიან მალე და კონსტრუქციულად მოვაგვარებთ ამ პრობლემას
მიხეილ გიორგაძე - დარწმუნებული ვარ, ჯვრის მონასტრის ჭიშკარი გაიხსნება, გარწმუნებთ, ძალიან მალე და კონსტრუქციულად მოვაგვარებთ ამ პრობლემას

დარწმუნებული ვარ, ჯვრის მონასტრის ჭიშკარი გაიხსნება, გარწმუნებთ, ძალიან მალე და კონსტრუქციულად მოვაგვარებთ ამ პრობლემას, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მიხეილ გიორგაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ჯვრის მონასტერთან შექმნილი ვითარება არც ასეთი სტატუსის ძეგლს და არც, ზოგადად, ცივილიზებულ გარემოს შეეფერება. როგორც მიხეილ გიორგაძემ აღნიშნა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად უკვე მუშაობს შესაბამისი ინფრასტრუქტურის პროექტის ჩამოყალიბებაზე, რომლის განხორციელების შემდეგაც, არსებული ვითარება მოწესრიგდება.

„სანამ ეს შედარებით დიდი პროექტი გაკეთდება, პირველადი მოწესრიგებისთვის, ამ შემთხვევაში, უფრო დიდი როლი ენიჭება ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, ვიდრე ეს შეიძლება სამინისტროს ენიჭებოდეს. თუმცა ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებთ პრობლემისთვის თავის არიდებას. ჩვენი მხრიდან, უპირველეს ყოვლისა, ჩართული იქნება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო,“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

რაც შეეხება პრობლემის მოგვარების გზებს, მიხელ გიორგაძის თქმით, სამინისტრო ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან ერთად განსაზღვრავს ადგილს, სადაც გადაიყვანენ გარემოვაჭრეებს.

„დარწმუნებული ვარ, ძეგლის ჭიშკარი გაიხსნება და არც ტურისტებს, არც მომლოცველებს პრობლემა არ ექნებათ, რომ შეაღწიონ ტერიტორიაზე. გარწმუნებთ, ძალიან კონსტრუქციულად და მალე მოვაგვარებთ ამ პრობლემას,“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ტაძარი მისი წინამძღვრის გადაწყვეტილებით, უკვე მეორე დღეა, დაკეტილია. ჯვრის მონასტრის დაკეტვასთან დაკავშირებით მონასტრის საძმომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე მოვაჭრეების საქმიანობამ წარმოშვა ანტისანიტარია და განუკითხაობა.

დატოვე კომენტარი