მიხეილ გიორგაძე - მე და ჩემი ოჯახი გაოგნებულები ვართ სრულიად უსამართლო ბრალდების გამო, რაშიც აქციაზე ერთ-ერთმა ქალბატონმა ბრალი დამდო
მიხეილ გიორგაძე - მე და ჩემი ოჯახი გაოგნებულები ვართ სრულიად უსამართლო ბრალდების გამო, რაშიც აქციაზე ერთ-ერთმა ქალბატონმა ბრალი დამდო

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე აცხადებს, რომ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ბრალი დასდო.

„მე და ჩემი ოჯახი გაოგნებულები ვართ სრულიად უსამართლო ბრალდების გამო, რომელშიც დღეს რუსთაველზე გამართულ აქციაზე მყოფმა ქალბატონმა პირდაპირ ეთერში დამდო ბრალი. გულწრფელად თანავუგრძნობ ამ ადამიანს – დედას, რომელსაც შვილი დაეღუპა, თუმცა სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ ტრაგედიის შესახებ პირველად შევიტყვე და ამ საქმესთან აბსოლუტურად არანაირი შეხება არ მქონია. ვთხოვ საზოგადოებას, ნუ აჰყვება ამ ცილისწამებას და მედიას, ნუ მოახდენს ამ უსაფუძვლო ბრალდების ტირაჟირებას”, – წერს მიხეილ გიორგაძე „ფეისბუქის“ გვერდზე.

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე, ქუთაისში მცხოვრებმა ლარისა ძოძუაშვილმა, რომელიც აცხადებდა, რომ მას შვილი უსამართლოდ მოუკლეს, შვილის მკვლელების მფარველობაში მიხეილ გიორგაძე დაადანაშაულა.

„2017 წლის 13 თებერვალს შვილი მომიკლეს ქალაქ თბილისში, ვაგზლის მოედანსა და გოგოლის ქუჩის 18 ნომერთან. ჩემი შვილის ერთ-ერთ მკვლელი არის გიორგი ქაშიაშვილი. ამ მკვლელობას იძიებდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი. უნდოდათ, რომ მისი მკვლელი ჩემი შვილის მეგობარი ყოფილიყო. შეთითხნეს საქმე ცილი დასწამეს ჩემს შვილს და დამცინეს. ყველა სასამართლო პროცესზე ჟღერდებოდა მიხეილ გიორგაძის სახელი. მითხრეს, რომ მიხეილ გიორგაძეს დავურეკავთ ახლა, თქვენ რატომ აპროტესტებთ თქვენი შვილის ასეთ მდგომარეობასო. მიხეილ გიორგაძე ხომ ნაცნობი სახელი და გვარია, მივმართავ გიორგი კვირიკაშვილს, რატომ გყავთ ასეთი საშინელი მინისტრები. როდესაც გავეცანი საქმეს, იქ ყველაფერი ჩადებული იყო არა ჩემი შვილისათვის, არამედ მათ სასარგებლოდ. მე ვთხოვ გიორგი გიორგი კვირიკაშვილს, ვინ არის მიხეილ გიორგაძე”, – განაცხადა ლარისა ძოძუაშვილმა.