მიხეილ-გელა სალუაშვილი - მოსახლეობისადმი ჩვენი გზავნილია არა ჩემი მხარდაჭერა, არამედ საკუთარი სულების გადარჩენაზე ფიქრი
მიხეილ-გელა სალუაშვილი - მოსახლეობისადმი ჩვენი გზავნილია არა ჩემი მხარდაჭერა, არამედ საკუთარი სულების გადარჩენაზე ფიქრი

მოსახლეობისადმი ჩვენი გზავნილი არის არა ჩემთვის მხარდაჭერის გამოხატვა, არამედ საკუთარი სულების გადარჩენისთვის ფიქრი, – ამის შესახებ მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა, პოლიტიკური გაერთიანება „სამართლიანობის აღდგენის კავშირი – ხმა ერისა, უფალია ჩვენი სიმართლეს“ თავმჯდომარემ, მიხეილ-გელა სალუაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში, საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს სულიერი მისია იმაში მდგომარეობს, რომ მსოფლიოს გააგებინოს დამდგარი ბოლო ჟამის შესახებ, რაც ითვალისწინებს უფალ იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის არსს.

„ჩვენი საარჩევნო პროგრამა ორნაწილიანია, ერთი მიმართულია ადამიანის სულიერებისთვის და მეორე ფიზიკური არსებობისთვის აუცილებელ პირობებს შეიცავს. პირველი ნაწილი, რომელიც სულიერებისთვის არის განკუთვნილი, ეს არის ბოლო ჟამთან დაკავშირებული თემატიკის გაჟღერება. ჩვენი კვლევის შედეგად, ბიბლიაში დაფიქსირებული ნიშნები, რომლითაც დასტურდება ბოლო ჟამის დადგომა, საქართველოში მომხდარ მოვლენებს ასახავს. პროგრამის მეორე, პოლიტიკური ნაწილი შედგება სამართლებრივ-იურიდიული ნაბიჯებისგან, თუ როგორ უნდა იქნას მოწყობილი ქვეყნის სახელმწიფოებრივი სისტემა უფლის მეორედ მოსვლამდე“, – განაცხადა სალუაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ აცხადებს ის, რომ უკონკურენტოა და რატომ აქვს იმედი, რომ არჩევნები ამჯერად მისთვის სახარბიელო შედეგით დასრულდება, გელა სალუაშვილმა აღნიშნა, რომ მათ მიერ გაკეთებული განაცხადი ინდივიდუალური და უკონკურენტოა.

„ჩვენ მოსახლეობას ვთავაზობთ არა იმას, რომ მე ამირჩიონ, არამედ ჩვენ მოვდივართ იმისთვის, რათა მათი სულების ხსნაში მივიღოთ მონაწილეობა“, – განაცხადა სალუაშვილმა.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, უფიქრია თუ არა მას არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, რომ შესაძლოა, ამომრჩეველთა დიდი ნაწილისთვის ეს გზავნილები მისაღები არ არის და ფიქრობს თუ არა საარჩევნო პროგრამაში ცვლილებების შეტანაზე, გელა სალუაშვილმა განაცხადა, რომ მთავარი პრინციპი იმაზე უნდა იყოს ორიენტირებული, რაც სამართლიანად და კანონიერად მიაჩნიათ.

„გუშინ იყო ბატონი ზვიადის 80 წლისთავი და ყველამ ვიცით, რომ იყო დრო, როცა ამ ბუმბერაზ პიროვნებას ხელსაც არ ართმევდნენ; ერთ ქუჩაზე რომ დაინახავდნენ, მეორეზე გადადიოდნენ. ანუ ის, რომ დროის გარკვეულ მონაკვეთში ამა თუ იმ პოზიციის მიმართ მოსახლეობის გარკვეული რაოდენობის მხარდაჭერა არ ჩანს, არ ამცირებს და აკნინებს თავად იმ პოზიციას“, – განაცხადა მიხეილ-გელა სალუაშვილმა.