მიხეილ (გელა) სალუაშვილი მართლმადიდებლური ეკლესიის საპარლამენტო მდივნის პოსტის შემოღებას ითხოვს
მიხეილ (გელა) სალუაშვილი მართლმადიდებლური ეკლესიის საპარლამენტო მდივნის პოსტის შემოღებას ითხოვს

საქართველოს პარლამენტს მართლმადიდებლური ეკლესიის საპარლამენტო მდივნის თანამდებობის შემოღების საკანონმდებლო წინადადებით მიმართავენ.

საკანონმდებლო წინადადება მიხეილ (გელა) სალუაშვილს ეკუთვნის. საკანონმდებლო წინადადების გათვალისწინებით, მართლმადიდებელი ეკლესიის საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე დანიშვნა და გათავისუფლება ხდება საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის მიერ.

წინადადებაში ნათქვამია, რომ მართლმადიდებლური ეკლესიის საპარლამენტო მდივანს ეყოლება ერთი პირველი მოადგილე, რომელსაც ასევე კათოლიკოს-პატრიარქი დანიშნავს.
რაც შეეხება საპარლამენტო მდივნის ფუნქციებს, წინადადებაში აღნიშნულია, რომ ის დაესწრება პარლამენტის ბიუროს სხდომებს და მონაწილეობას მიიღებს როგორც საპარლამენტო კომიტეტების ფორმატებში, ასევე ფრაქციებში და პლენარულ სხდომებზე კანონპროექტების განხილვის პროცესში.

„საქართველოში ჩატარებული ბოლო საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, მოქალაქეთა 84 პროცენტი მართლმადიდებელი რელიგიის აღმსარებელია. კონსტიტუციის მიხედვით, სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს ქვეყნის ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსგან. გამომდინარე აქედან, წინადადების მიზანია, ურთიერთდამოუკიდებულების პირობებში მოხდეს მოქალაქეთა 84 პროცენტის სულიერი ფასეულობების მაკოორდინირებელი მართლმადიდებლური ეკლესიის ჩათვლით ეფექტური მექანიზმების შემუშავება. საპარლამენტო მდივანი ხელს შეუწყობს ეკლესიის პარლამენტთან ურთიერთობის განხორციელებას“, – აღნიშნულია წინადადებაში.

მიხეილ (გელა) სალუაშვილის საკანონმდებლო წინადადება განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცემა.

რეგლამენტის გათვალისწინებით, საპარლამენტო მდივანი ჰყავს როგორც მთავრობას, ასევე პრეზიდენტს.