მიხეილ გალუზინი - საჭიროა დღევანდელი გეოპოლიტიკური რეალობის ცხადად მიღება, დამახსოვრება დღევანდელი მდგომარეობის სათავეებისა, როგორ ვითარდებოდა მოვლენები 2008 წლის აგვისტოდან
კმაყოფილი ვართ, რომ წელს მესამე შეხვედრის ჩატარებით გამყარდა თითქმის უცვლელი სახით მტკიცე რიტმი ჟენევის დისკუსიების. კმაყოფილი ვართ, რომ გვაქვს შეთანხმება ამ რიტმის მომავალში შენარჩუნებაზეც, ეს უდავოდ დადებითი შედეგია, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ გალუზინმა საქართველოს პირველ არხს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების 59-ე რაუნდის დასრულების შემდეგ ჟენევაში განუცხადა.
მისივე თქმით, „აზრთა ასეთი გაცვლა-გამოცვლა აქტუალურ საკითხებზე, რომლებიც კავკასიაში სტაბილურობასა და უსაფრთხოებას შეეხება, მნიშვნელოვანი და აუცილებელია“.
როგორც გალუზინი ამბობს, ეს ერთადერთი შესაძლებლობაა პირდაპირი კომუნიკაციისა, ერთი მხრივ, საქართველოს და, მეორე მხრივ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოფიციალურ წარმომადგენლებს შორის.
„ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ დიალოგის გაგრძელების აუცილებლობაზე, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის კონკრეტული ნაბიჯების გათვალისწინებით. უმთავრეს ნაბიჯად ამ კონტექსტში მივიჩნევთ იურიდიული ვალდებულებების დოკუმენტის გაფორმებას სამომავლოდ საქართველოს, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს შორის ძალის გამოუყენებლობის თაობაზე“, – აღნიშნა გალუზინმა.
კითხვაზე, როგორ წარმოუდგენია აღნიშნული დოკუმენტის გაფორმება, როდესაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არ არიან დამოუკიდებელი სახელმწიფოები, არამედ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებია, გალუზინი პასუხობს:
„საჭიროა რეალისტურად და ცხადად მიღება იმ გეოპოლიტიკური რეალობის, რომელიც გარშემოა. საჭიროა ცხადად დამახსოვრება დღევანდელი მდგომარეობის მიზეზებისა და სათავეებისა, ისტორიის, როგორ ვითარდებოდა მოვლენები 2008 წლის აგვისტოდან, როგორ იწყებოდა საქართველოს აგრესია სააკაშვილის ხელმძღვანელობით სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისა და რუსი სამშვიდობოების წინააღმდეგ“, – აღნიშნა მან და საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის კითხვაზე, ამით ამბობს თუ არა გალუზინი, რომ საქართველო დაესხა თავს რუსეთს, რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი აცხადებს, რომ „რუს სამშვიდობოებზე თავდასხმა ნიშნავს რუსეთზე თავდასხმას, ამიტომ საქართველო იძულებით მოწოდებულ იქნა მშვიდობისკენ“.
„რაც შეეხება თამაზ გინტურის საქმეს – საქმე ეხება არ იმას, რომ ვინმე მიზნად ისახავდა ადამიანის მკვლელობას, არამედ იმას, რომ ადამიანებმა უკანონოდ გადაკვეთეს სამხრეთ ოსეთის საზღვარი. ამასთან ერთად, ისინი ნაჯახის გამოყენებით ემუქრებოდნენ მესაზღვრეებს, ნაჯახი სერიოზული ცივი იარაღია. ისინი ცდილობდნენ ეკლესიაში შეჭრას. როდესაც მათ წესრიგისკენ მოუწოდეს, ამ ნაჯახით ისინი ჩვენს მესაზღვრეებს დაემუქრნენ. მესაზღვრეებმა მოუწოდეს, შეეწყვიტათ მსგავსი ქმედებები, ამის მიუხედავად, მათ უნდოდათ, ჩვენს მესაზღვრეებს მანქანით დაჯახებოდნენ. თავიდან გამაფრთხილებელი გასროლა იყო, შემდეგ უკვე – მანქანის საბურავების მისამართით.
რისთვის უნდა დავსაჯოთ ვინმე, როცა მესაზღვრეები მოქმედებდნენ იმ წესების ფარგლებში, რომლებიც საერთაშორისოდ ცნობილია? ასე რომ, ამის შეფასება მკვლელობად არასწორია. კარგი იქნებოდა, ქართულ მხარეს კარგად განემარტა საკუთარი მოსახლეობისთვის, რომ არ ღირს ჩუმად და უკანონოდ საზღვრების გადაკვეთა.
მე მოქალაქეებთან არ მაქვს პრეტენზიები. აი, საქართველოს ხელისუფლებას კი ნამდვილად შეუძლია, აუხსნას თავის მოქალაქეებს, რომ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა არ შეიძლება, ნუთუ ეს არ არის რეალური და ლოგიკური შეკითხვა?“ – აღნიშნა რუსეთის წარმომადგენელმა.