მიხეილ გაბრიჩიძე - ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერები ჩემი დაფინანსებით გაიკრა, ხალხს უნდა ახსოვდეს „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი წლები
მიხეილ გაბრიჩიძე - ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერები ჩემი დაფინანსებით გაიკრა, ხალხს უნდა ახსოვდეს „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი წლები

ხალხს უნდა ახსოვდეს „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი წლები, როგორ გასვარეს საქართველო სისხლში, როგორ ატერორეს ხალხი, წაართვეს ქონება, აწამეს, დააინვალიდეს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ბიზნესმენმა, მიხეილ გაბრიჩიძემ განუცხადა.

როგორც მიხეილ გაბრიჩიძემ აღნიშნა, ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერები, რომლებიც დედაქალაქში რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა, მისი დაფინანსებით გაიკრა.

„ეს ბანერები განთავსებულია ჩემი ფინანსებით, ჩეკიც მაქვს, ხელშეკრულებაც მაქვს და ყველაფერი, თავიდან ბოლომდე ჩემი ფინანსებით არის გაკეთებული. ხალხს უნდა შევახსენოთ რაც იყვნენ. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ „ნაციონალებიდან“ მოდის ზიზღის ენა. მაგათი სისხლიანი წლები, როგორ გასვარეს საქართველო სისხლში, როგორ ატერორეს ხალხი, წაართვეს ქონება, აწამეს, დააინვალიდეს და მეტი რაღა უნდა დავამატო. ყველამ კარგად იცის, ვინც მოესწრო ამ უბედურებას, რაც ხდებოდა საქართველოში. ეს სახეები უნდა იცოდეს ყველამ, უნდა იცოდნენ რა ხალხთან გვქონდა საქმე, ესენი რომ არასდროს არ დაბრუნდნენ. ესა არის ამ ბანერების მიზანი. არ ვარ არც ერთი ორგანიზაციის წევრი. ჩემი მეგობრები არიან ორგანიზაციაში „არა მიშა“, მე ვარ სულ მათ მხარეს და „ნაციონალების“ საწინააღმდეგოდ, მათი სატელიტების, თუ იმათ საწინააღმდეგოდ, ვინც ახლა შეუერთდა და ამ საძაგლობაში ეხმარება. არავის ქონდეს ილუზია, რომ ახლა მოვლენ და რამე სხვანაირად იქნება. მოვლენ და უარესს გააკეთებენ“, – განაცხადა გაბრიჩიძემ.

კითხვაზე, წელს გახარიაც მოხვდა ამ ბანერებზე და რა ნიშნით შეარჩიეს, გაბრიჩიძემ აღნიშნა: „კაცი, რომელიც თავის მეგობრებს, თავის გუნდს უღალატებს, გადავა და გააკეთებს მოწინააღმდეგის სასარგებლო საქმეს, სწორედ ამიტომ მოხვდა იმ ბანერებზე. არ შეიძლებოდა, რომ მისი სურათი ამ ბანერებზე არ განთავსებულიყო“.